არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

Jaguar Lightweight-ყველაზე ძველი ახალი მანქანა მსოფლიოში

tjtykjtyjd.jpg

ეს ”იაგუარი” 2015 წელსაა გამოშვებული, შასის ნომერი კი 1963 წლით თარიღდება. მანქანა სრული ხელნაკეთია და მილიონზე მეტი ღირს

ნამდვილია, თუ არაა ნამდვილი? ორიგინალია, თუ ”ნაჩალიჩარი”? მინდა გითხრათ, რომ თავს ერთობ უცნაურად ვგრძნობ. ეს წუთია, ამ უცნაურ E-Type-ში შემოვძვერი და მაშინვე უამრავი კითხვა დამიტრიალდა თავში. დაუჯერებლად მსუბუქია — ისეთი განცდა მაქვს, რომ წკიპურტით გადავაყირავებ. ტყავგადაკრული სავარძლები ტორეროს შარვალივით მოტკეცილი მაქვს. ალუმინის კარკასი, ალუმინის კონსოლი — ყველაფერი ალუმინია? ჰო კარგი, შევეშვათ ალეგორიებს — მე Lightweight-E-Type-ში ვზივარ. სწორედ ისეთში, როგორიც 1963 წელს 12 ეგზემპლარად შეიქმნა და რომლის სანაცვლოდაც დღეს 5 მილიონ ევროზე მეტსაც კი იხდიან.

თუმცა 5 მილიონ ევროს იმაში იხდიან, რომელიც 1963 წელსაა გამოშვებული. ეს ”იაგუარი” კი ახლახან, 2015-ში გამოუშვეს. სამაგიეროდ, შასის ნომერი თარიღდება 1963 წლით. ესეც ქოვენთრიში ააწყვეს -ზუსტად ისე, როგორც მაშინ, ოღონდ დღეს. ყველაფერი გაიგეთ?

gerghrtherg.jpg

ნაღდია, თუ არა, ფაქტი ის არის, რომ ჩემი ტვინი ჩაჯდომისთანავე კითხვების კასკადს აწარმოებს და კითხვებთან ერთად მრავალფეროვანი განცდები მეუფლება. შთაბეჭდილებებს ბედნიერების ჰორმონები მიყალიბებს. მე ახლა გრემ ჰილი ვარ. ან ახალგაზრდა ჯეკი სტიუარტი. ყოველ შემთხვევაში, ან ერთი იქნები, ანაც მეორე — ამ :იაგუარში” მოთავსების შემდეგ თქვენც ასეთი შთაბეჭდილება დაგეუფლებოდათ. საჭე, რა თქმა უნდა, მარჯვნივაა. ცხადია ისიც, რომ სივიწროვეა, მაგრამ სივრცე იმისთვის მაინცაა საკმარისი, რომ აქაურობას ხეირიანად გადაავლო თვალი. მერე ხედავ E-Type-ის კლასიკურ მრგვალ ინსტრუმენტებს, მაშუქების განუმეორებელ ჩამრთველებს, მაგრამ ხედავ შიშველ კარკასსაც, ყველაფერს ხედავ! საქმე ისაა, რომ მალევე მიხვდე და გააცნობიერო, რომ რომელიმე კომფორტულ ავტომანქანაში კი არ მოთავსდი, არამედ ეს შენი სამუშაო მაგიდაა, მრბოლელის ოფისი. მაშინდელ მოდელთან იდენტურობა მილიმეტრებითაა დაცული. ერთი ეგაა, რომ ორიგინალი ოფლი აკლია — ის ოფლი, რომელიც E-Type-ბში მაშინ იღვრებოდა.

regergthyt.jpg

დიდი სიამოვნება: 6-ცილინდრიანი ძრავა, 340 ცხენის ძალა

”ეს ავტომობილი თავის დროზე იმპროვიზაციით იქმნებოდა. ყველაფერი ისე დაიწყო, როგორც ლეგენდარული მოდელების შემთხვევაში იწყება ხოლმე. ლანჩის დროს მანქანებზე ლაპარაკობდნენ, ერთმა სიგარეტის კოლოფი და ფანქარი ამოიღო და ახალი დეტალი დახატა,” — ამბობს ფილ ვივერსი, რომელსაც მის შექმნაში ლომის წვლილი მიუძღვის. ასე შეიქმნა Lightweight, რომელსაც თითქმის ყველაფერი ალუმინის აქვს.

ბენზინის ტუმბო ჩავრთოთ, გასაღები გადავატრიალოთ, თითი სტარტერის ღილაკს დავადოთ და დავაჭიროთ — ის, რაც ამის მერე ხდება, ვულკანის ამოფრქვევას გავს, მაგრამ საკმაოდ მელოდიურია. რა გვიკვირს, ძველი სკოლაა — ნაღდი ხმაა, ცოცხალი ხმა. აქ საწვავი კლასიკურ XK-6-ცილინდრიანში ფეთქდება. მისი მოცულობა 3,8-ლიტრიანია. ულამაზესი აგრეგატია მექანიკური შეფრქვევით, ცილინდრების სპეციალური თავაკითა და დიდი სარქველებით. ალუმინის ბლოკიც არ დაგვავიწყდეს.

lightweight_e_type_wrk030_resize.jpg

ხის საჭე, დახვრეტილი მანები — ხელებს მაგრად ვკიდებ და ვიძრები. ოთხიდან პირველი გადაცემა ექსტრემალურად გრძელია და ბევრი ბრუნია საჭირო იმისთვის, რომ ადგილიდან მოწყდე. სადღაც 3500-დან მანქანა უკვე ხეირიანად სუნთქავს და კუნთების თამაშსაც იწყებს, ცხვირს მაღლა წევს და შეტევაზე გადადის. უკვე 5500-ზე (ყველაზე გვიან 6000-ზე) უკვე მაღლა უნდა გადართო — სიამოვნებაა, მართლა დიდი სიამოვნება. სიჩქარეების გადართვებს კონცენტრაცია სჭირდება — ეს განსაკუთრებით დაბლა გადართვას ეხება. დამუხრუჭება მოსახვევის წინ, შუალედური გაზი, ორმაგი კონუსი — ყველაფერი ერთდროულად უნდა გააკეთო. ერთი სიტყვით, კარგ ძველ ტექნიკასთან გაქვს საქმე და სწორედ ეს გსიამოვნებს. Lightweight-ს მართვის კლასიკური სტილი სჭირდება — მხოლოდ რბილი მოძრაობები მაღალ სისწრაფეზე. ეს მანქანა მოსახვევში უბრალოდ და მარტივად არ უნდა შეაგდო — მისი გრძელი ცხვირის შეყვანა ნელ-ნელა უნდა დაამუღამო და მერე, მალევე უნდა მისცე გაზი, თანაც, დოზირებულად და მხოლოდ ასე თუ გამოიყვან მოსახვევიდან ხეირიანად. მისი სტიქია გრძელი და სწრაფი მოსახვევებია.

htrhrthryjuyk.jpg

ეს Lightweight ახალი ”ტირაჟის” პირველი ნომერია და ”იაგუარს” ამის გარდა კიდევ მხოლოდ ხუთი ეგზემპლარის შექმნა შეუძლია. რაოდენობას ბრიტანელებს არსებული შასის ნომრები კარნახობს. ისინი თავის დროზე Lightweight-ის სერიული წარმოებისთვის იყო დარეზერვებული, მაგრამ, როგორც ხვდებით, არცერთი არასდროს გამოუყენებიათ. მაშინ, ანუ, 1963-ში პაუზა მე-12 ეგზემპლარის შემდეგ აიღეს.

დღეისათვის ეს ყველაფერი 340 გულახდილ ცხენის ძალას და 1040-კილოგრამიან წონას ნიშნავს, რაც E-Type Roadster-ის ბაზაზე 114 კილოგრამით ნაკლებია. გამოდის, რომ ერთ ცხენის ძალაზე 3,1 კილოგრამი მოდის, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, 911 Turbo-ს დონეა. აქვე ვთქვათ, რომ ამ მაჩვენებლით 911-თან არცერთი სხვა E-Type არ მისულა ასე ახლოს. Lightweight-ს, რა თქმა უნდა, სპორტულად ფორმირებული სავალი ნაწილი აქვს, რაშიც 15-დუიმიანი მსუბუქი მეტალის დისკები შედის.

trhjrtjuj.jpg

აქვე უნდა გავიხსენოთ ამ ლეგენდარული ”იაგუარის” მოსისხლე მტერიც — 250 GTO, რომელსაც 12-ცილინდრიანი ძრავა უგუგუნებდა. ამ გადასარევი ”ფერარის” და მისი განსაკუთრებული აეროდინამიკის წინააღმდეგ Jag-ს შანსი იშვიათად ჰქონდა. აღარაფერს ვამბობთ მუხრუჭებზე, რაც ყოველთვის E-Type-ისთვის დამახასიათებელი პრობლემა გახლდათ.

თუმცა დღეს ამ ნაკლოვანებებს მნიშვნელობა აღარ აქვს. მაშინდელი წაგებები ”ფერარისთან” (თან, რომელ ფერარისთან!) ამ მართლაც ყველა დროის ყველაზე სპორტულ და უდავოდ ულამაზეს E-Type-ს ვერ დააკნინებს. თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ ”ფერარიმ” მაშინ Typ 250 GTO-ს 36 ეგზემპლარი შექმნა, E-Type Lightweight-ის შემთხვევაში კი მხოლოდ 12 ორიგინალი არსებობს.

thrju7ukuyk.jpg

თუმცა, აგერ, შესაძლოა, სულ მალე ეს 12 უკვე 18-ად გადაიქცეს. გადაიხდიან წინასწარ შერჩეული პოტენციური კლიენტები ამ შესანიშნავ ორიგინალში ერთ მილიონ ფუნტ სტერლინგს? და დაპატიჟებს მათ ვინმე ისტორიულ კლასიკურ რალიზე — ანუ, იქ, სადაც ამ Lightweight-ის ადგილია? ქალაქში ხომ არ შეიძლება?! აი, FIA-მ Lightweight-ს მწვანე აუნთო. მანამდე ის ვიცით, რომ ”გუდვუდის” ვესტივალზე ვეღარ ვნახავ — ეგ მანქანა ძველი კი არ არის, ახალიაო...

დასკვნა
უახლესი, Brandnew ავტომობილი, შექმნილი ისე, როგორც 52 წლის წინათ, მაშინდელი ორიგინალივით და შასის შესაბამისი ნომრით. ეს არ არის უბრალო ამბავი. ეს დიდი ამბავია და ეს არის შანსი, დღეს, ახლით შეიგრძნო მაშინდელი სულისკვეთება.
ვოლფგანგ კიონიგი

► Jaguar E-Type Lightweight
6-ცილინდრიანი ძრავა მექანიკური შეფრქვევით; მოცულობა: 3868 სმ3; სიმძლავრე: 254 კვტ (340 ცხ. ძ.) 6500 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 380 ნმ/4500; მაქს. სიჩქარე: 270 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 4,1 წამში; 4-საფ. გადაცემათა კოლოფი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4453/1700/1181 მმ; ბაზა: 2440 მმ; წონა: 1040 კგ; ფასი: 1,4 მილიონი ევრო.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი