გაიცანით, ეს მონსტრია ! ყველაზე მძლავრი C-კლასი კუპე
უფრო ძლიერი, უფრო განიერი და უფრო სწრაფი: ”მერსედესი” ფრანკფურტის ავტოშოუზე (17-დან 27 სექტემბრამდე) ახალ C-კლას კუპესთან ერთად მის AMG-ვერსიასაც წარმოადგენს — გაიცანით: Mercedes AMG C 63 Coupé!
”მერსედესმა” ტრადიციულად უდიდესი თავდაჯერებით გამოაცხადა, რომ ეს V8-ბოლიდი ”ყველა დროის ყველაზე სპორტული C-კლასი” იქნება. მისი გაყიდვები 2016 წლის მარტიდან იწყება და AMG C 63 Coupé ორი ვერსიით იქნება წარმოდგენილი (C 63 და C 63 S). შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ C 63-ის საწყისი ფასი დაახლოებით 70 000 ევრო იქნება, ხოლო C 63 S-ის კი — 77 000 ევრო.
C-კლასის ჩვეულებრივი კუპესგან განსხვავებებს ფოტოებზე მაშინვე შენიშნავთ. AMG-სთვის დამახასიათებელი დეტალების გარდა აღსანიშნავია ის, რომ წინ სიგანე 64 მილიმეტრით მეტია, უკან კი — 66 მილიმეტრით მეტი. სპეციალურად AMG-Coupe-სთვის გაუმჯობესდა სავალი ნაწილი, უკანა ღერძს კი დიფერენციალის მექანიკური ბლოკირება ექნება. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ინჟინრებმა ამ მოდელს 3-საფეხურიანი ESP უსახსოვრეს: ESP ON, Sport Handling Mode და ESP OFF.
კაპოტის ქვეშ ნაცნობი 4-ლიტრიანი V8-Biturbo იმუშავებს, რომელიც AMG GT-საც ემსახურება. C 63 Coupé-ში V8-ძრავას ან 476 ცხენის ძალა აქვს (ჩვეულებრივი ვერსია), ანაც 510 ცხენის ძალა (C 63 S). სწორედ ამ უკანასკნელით (S-ვერსია), C-კლასი კუპე 100 კმ/სთ-ს 3,9 წამში განავითარებსო — გვპირდებიან შტუტგარტელები. ვისთვისაც 250-კმ/სთ-იანი მაქსიმალური სისწრაფე ცოტაა (იზღუდება), შეუძლია ოფციური AMG Driver's Package შეუკვეთოს და მაქსიმალურ სისწრაფეს 290 კმ/სთ-ს მიიღებს. გადაცემათა კოლოფი 7-საფეხურიანი ავტომატიკაა.
ტექნიკური მონაცემები* | ||
Mercedes-AMG C 63 Coupé | Mercedes-AMG C 63 S Coupé | |
ძრავა | ბენზინის V8 Biturbo | ბენზინის V8 Biturbo |
მოცულობა | 3982 სმ3 | 3982 სმ3 |
სიმძლავრე | 476 ცხ. ძ./5500-6250 | 510 ცხ. ძ./5500-6250 |
ბრუნის მომენტი | 650 ნმ/1750-4500 | 700 ნმ/1750-4500 |
საწვავის საშუალო ხარჯი | 8,9-8,6 ლ/100 კმ-ზე | 8,9-8,6 ლ/100 კმ-ზე |
წონა | 1785 კგ | 1800 კგ |
აჩქარება 0-100 კმ/სთ | 4,0 წამში | 3,9 წამში |
მაქსიმალური სიჩქარე | 250 კმ/სთ | 250 კმ/სთ |
მაქს. სიჩქარე AMG Driver´s Package-ით | 290 კმ/სთ | 290 კმ/სთ |
*მწარმოებლის ოფიციალური მონაცემები |