21.08.2015 15:52
ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი
ახალი მე-7 სერია და S-კლასი
ბრძოლა პირველობისთვის — სიმძლავრის, მდიდრულობის და პრესტიჟულობის კუთხით
ახლა ცოტა ხნით უნდა წარმოვიდგინო, რომ მე ვარ მინისტრი ან შეიხი და ჩამოვედი ფრანკფურტში, რათა ლუქს-კლასის მდიდრული ავტომობილი შევარჩიო. ცხადია, მივდივარ ფრანკფურტის ავტოშოუზე, სადაც დგას BMW-ს ახალი მე-7 სერია, რომელსაც ყველაფერი წინამორბედზე მეტ-ნაკლებად უკეთესად შეუძლია და აქვე დგას Mercedes S-კლასიც, რომელიც ახალი ექტრა-ოფციებით მიზიდავს. ცხადია, რომ შეიხს არჩევანის გაკეთება გაუჭირდება. ან ძალიან დეტალურად უნდა შეისწავლოს ორივე ავტომობილი, ანაც AUTO BILD-ის ერთგული მკითხველი უნდა იყოს.
საქმე ისაა, რომ ამ კლასში პირველობა ძალიან ძნელია და რაც უფრო უახლოვდები მწვერვალს, მით უფრო მძაფრდება კონკურენცია და მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მცირე დეტალები, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ყურადღებას ალბათ არც მიაქცევდი.
ცხვირი დადაბლდა, ”თირკმელები” გაიზარდა — ”მეშვიდე სერია” ვიზუალურად ნიუანსებშია გაუმჯობესებული
ნამდვილად გასაოცარია, როგორ მოახერხა BMW-მ ის, რომ უამრავი პატარ-პატარა წინ გადადგმული ნაბიჯებით შეექმნა ახალი ”მეშვიდე სერია”, რომელიც ისედაც სრულყოფილ წინამორბედზე კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. ჩვენ კი, ადამიანებმა, რომლებსაც შეიხობამდეც ბევრი გვაკლია და მინისტრობამდეც, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ მანქანის ტექნიკის დიდი ნაწილი ქვედა, მასობრივ კლასამდეც ჩამოაღწევს და, მაგალითად, ”მესამე სერიაში” გვასიამოვნებს.
სუფთა ვიზუალური თვალსაზრისით მწვერვალზე სიმშვიდეა. ზუსტად ისე, როგორც ”მერსედესმა” მიაგნო ამ კლასში წარმატების ფორმულას სახელწოდებით ”მშვიდი დომინირება” და მას მერე აღარც გადაუჭარბებია, თავის ფლაგმანს BMW-ც ისე გადაუჭარბებლად აუმჯობესებს, განსაკუთრებით გერმანელი მომხმარებელი რომ დაუკრავს თავს. აი, ზუსტად ასეთი ძლიერი, მძლავრი და ძლევამოსილი ვიზუალი უნდა ჰქონდეს ობერ-ბავარიელს იმისათვის, რომ BMW-ს ”მეხუთე სერიის” მფლობელი ”მეშვიდე სერიაზე” ოცნებისკენ წააქეზოს.
Mercedes S-კლასი: ”მერსედესმა” თავისი ფლაგმანის აქტუალური ვერსია ორი წლის წინ წარმოადგინა და მას მერე ”S-კლასი” მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მდიდრული ავტომობილია. ახლა კი BMW-მაც გამოუშვა ახალი ”შვიდიანი” და შეეცდება, S-კლასს კლიენტები წაართვას
აი, გარეგნობის მიღმა კი, პროგრესი ოთხ მიმართულებაზეა კონცენტრირებული: ”მე-7 სერია” ”მერსედესზე” დინამიკური უნდა იყოს, კომფორტის თვალსაზრისით ”მერსედესს” არ უნდა ჩამოუვარდებოდეს, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად ეკონომიურიც უნდა იყოს და, ცხადია, უნდა ჰქონდეს საუკეთესო ელექტრონიკა — ოღონდ, თვითონ არ უნდა დადიოდეს.
საქმე იმაშია, რომ BMW-სთვის მართვა მძღოლის პრეროგატივაა. ბავარიელები ისეთ კლიენტებზე აკეთებენ აქცენტს, რომლებმაც პროგრესი საჭესთან უნდა იგრძნონ, რაშიც ცოტა ხნის წინ ”მეშვიდე სერიის” პირველი პროტოტიპის ტესტ-დრაივმა დაგვარწმუნა. მკაცრმა დიეტამ 750i xDrive-ის წონა 1945 კილოგრამამდე დააგდო, რაც ბევრი კარბონის, ალუმინის საბარგულის კარისა და სავალი ნაწილის ალუმინის დეტალების დამსახურებაა. ამ ყველაფრით და კიდევ სავარძლებზე დეტალური ყურადღებით მუშაობის შედეგად ჯამში დაახლოებით 130 კილოგრამი დაიზოგა. ცნობისათვის: ამ მოდელთან შედარებადი S 500 თავისი 4Matic-ით 2-ტონიან ზვარს აჭარბებს.
მძღოლის ადგილი: ”მეშვიდე სერიის” მძღოლს სპორტული გარემო ელის, სპორტული ინსტრუმენტები, პატარა ეკრანი და მეტი სრულყოფილება დეტალებში
კლიმატს თითის წვერის შეხებით დაარეგულირებთ. აი, ამ გასაღებით მართავს მძღოლი პარკირებას — დისტანციურად!
გრძელი ვერსიის (პლუს 14 სმ) უკანა ნაწილში ვარჯიშიც კი შეიძლება და სისტემა რჩევებს მოგცემთ, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ არ გადაიღალოთ
ასე და ამგვარად გამხდარი BMW 7er ისე მოქნილად და დინამიკურად დადის, როგორც “მეხუთე სერია”. თანაც, ტოპ-მოდელი სავალი ნაწილის ახალი ტექნიკითაა აღჭურვილი. სერიულ პნევმატიკურ დაკიდებას (ახლა უკვე ორივე ღერძზე), ამორტიზაციის ადაპტირებად რეგულირებას და რეჟიმების ჩამრთველს ცენტრალურ კონსოლზე აქამდეც ვიცნობდით. სამაგიეროდ, ახალი ოფციაა ე.წ. Executive Drive Pro, რომელიც ელექტრომექანიკურად აქტიურდება, რათა ავტომობილმა მოსახვევში სწრაფად შესვლისას მაქსიმალური სტაბილურობა შეინარჩუნოს.
რაც მთავარია, ეს სისტემა კარგად ფუნქციონირებს და შეესაბამება BMW-ს მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც მდიდრულ კლასში უნდა არსებობდეს ავტომობილი, რომლითაც მძღოლიც ისიამოვნებს. ამიტომაცაა, რომ BMW გაყიდვების სტარტზევე წარმოადგენს M-Sport-ვერსიას და მოხვევის ინტერგრალური სისტემის შეკვეთა შესაძლებელი გახდება სრულ ამძრაობასთან ერთად.
დიდი შოუ: ორი დიდი მონიტორი და მეტი ბრწყინვალება S-კლასში, რომელმაც საკუთარი საჭე მიიღო. ასეთი საჭე სხვა არცერთ ”მერსედესს” არ აქვს
ცხადია, ”მე-7 სერია” მძღოლსა და, განსაკუთრებით მგზავრებს, სხვამხრივაც უნდა ანებივრებდეს. 14 სანტიმეტრით გრძელი, L-ვერსიის სალონის უკანა ნაწილში (Executive Lounge) ისეთი შესაძლებლობები იხსნება, ”მერსედესისგან” რომ ვიცნობთ: სავარძლების მასაჟისა და გადაწევის ფუნქციით, 7-დუიმიანი ტაბლეტი ცენტრალურ კონსოლზე და ეს ”მეშვიდე სერიაც” სპორტულ სტუდიას ემსგავსება. Vitality-პროგრამა ეკრანზე გვაძლებს მითითებებს, თუ როგორ უნდა იყოს მომსახურება შეფისთვის საიმისოდ, რომ ის მომდევნო საქმიან შეხვედრამდე სათანადოდ განიტვირთოს.
ახალი მოძრაობების შესწავლა მძღოლსაც მოუწევს, რადგან BMW-მ თავისი ცნობილი საკონტროლო ცენტრი თაჩპადის გარშემო კლიმატის რეგულირების უახლესი სისტემითაც არჭურვა და მანქანა ”ჟესტების ენაზეც” აალაპარაკა. 3D-სენსორი აღიქვამს ხელის მოძრაობას, რომლითაც სატელეფონო ზარს მიიღებთ, უარყოფთ, ან რადიოს სხვა არხზე გადართავთ.
ხელების მოძრაობა, ლაპარაკი, ტრიალი, შეხება — მომსახურება ისეთივე მრავალმხრივი გახდა, როგორც თავად ბორტის ელექტროობა. ”დრაივინგ ასისტენტი” ახლა უკვე უკან განთავსებულ სენსორებს იყენებს საიმისოდ, რომ პარკინგიდან გამოსვლის დროს, ან ზოგადად უკან შექმნილი საშიშროებების შესახებ გაგაფრთხილოთ. გარშემო დამონტაჟებული კამერები კი სურათს ეკრანზე 3D-ში ასახავენ.