რას უსმენს ჯეკ კერუაკი?
ვიღაცას არ ეკაიფება, ვიღაცას ეკაიფება და მაგრად კაიფობს კიდეც.
ვიღაც ერთი ან ორი ვარსკვლავით აფასებს goodreads-ზე, ვიღაც ხუთით.
მოკლედ, ჯეკის “გზაზე” ან ძალიან მოსწონთ ან საერთოდ არა.
თავისუფლება, ბოჰემური ცხოვრება, დინი, ემოციები, მოგზაურობა… ახალს ვერაფერს ვიტყვი. შევეხები მხოლოდ მუსიკას. ძნელია იკაიფო რამეზე ისე, როგორც მუსიკაზე. ყოველშემთხვევაში მე ახლა ასე ვარ და ამიტომაც ვუკირკიტებ ამ წიგნშიც მას. მაოცებს სიტყვის ის სიმძაფრე, რომელიც ბიტნიკ ჯეკს აქვს და დინის ემოცია, როდესაც უსმენს საქსაფონს… მინდა უბრალოდ ფრაზებით მივყვე მათ მთელ მოგზაურობას და ყველაფერი კადრებივით აღვიდგინო.
“იმ საღამოს “დიფელიო” მიდიოდა, “რა წყვდიადია!” ტიროდა მიწისქვეშა დილეგიდან ამოსული ბარიტონი და მეც მასთან ერთად ვტიროდი. მეც სწორედ ასეთი წარმომედგინა ცხოვრება. ოპერამ ისე გამიტაცა, რომ ცოტახნით ჩემი გიჟური ამბები დავივიწყე და ბეთჰოვენის დიდებულ, მკაცრ მელოდიაში და რემბრანდტისეულ მდიდრულ ფერებში დავიკარგე”
“- ეს როლო გრები ყველაზე მაგარი ტიპია, ყველაზე მშვენიერი ვინმეა ამათში. ზუსტად ეს მინდა გითხრა – აი, ასეთი მინდა ვიყო. არაფერზე არ არის დამოკიდებული, მისთვის ყველა გზა ხსნილია, გულში არაფერს იტოვებს, დრო აქვს შეცნობილი, წინ და უკან ირწევა, სხვა რა საქმე აქვს, მაგარი კაცია, უმაგრესი! გესმის, მასავით თუ იცხოვრებ, აი მაშინ ჩაწვდები.
– რას ჩავწვდები?
– იმას! იმას! გეტყვი, ოღონდ ახლა ამის დრო არ არის.
დინი გავარდა, უნდოდა ერთხელაც შეეხედა როლო გრებისთვის.
ჯაზის დიდი პიანისტი, ჯორჯ შირინგი, დინის თქმით, ზუსტად როლო გრებისნაირი კაცი იყო. იმ გიჟური, გრძელი უიკენდის დღეებში მე და დინი შირინგის მოსასმენად “ბერდლენდში” წავედით. ათი საათი იყო, დარბაზში ჩვენს მეტი ჯერ არავინ ჩანდა. შირინგი გამოვიდა, ბრმა, ხელით მიიყვანეს პიანინოსთან. სოლიდური გარეგნობის ინგლისელი გახლდათ, გახამებული თეთრი საყელო ეკეთა, ცოტა ჩასუქებული, ქერათმიანი. მის გარშემო ინგლისური ზაფხულის ღამის სული ტრიალებდა, რაც პირველსავე მორაკრაკე, ტკბილ ნოემბერსი გამოვლინდა. ბას-გიტარისტმა მოწიწებით დაუკრა თავი და რიტმში ააჟღერა გიტარა. დენზილ ბესტი გაშეშებული იჯდა, მხოლოდ მაჯებს ამოძრავებდა დრამზე ფუნჯების დასარტყმელად. აი, შირინგმა რწევა დაიწყო; აღგზნებული სახე ღიმილმა გაუპო; პიანინოს სკამზე ირწეოდა, წინ და უკან, ჯერ ნელა, მერე რიტმი აჩქარდა და ისიც აჰყვა, მარცხენა ფეხი უხტუნავდა, თავსაც აქიცინებდა, სახე ლამის კლავიშებამდე ჰქონდა დახრილი, დავარცხნილი თმა – წინ გადმოყრილი, ოფლად იღვრებოდა. ამგდებ მუსიკას უკრავდნენ. ბასისტი წელში მოიხარა და სულ უფრო და უფრო სწრაფად უკრავდა, შირინგმა თავისი აკორდებით დაიწყო დაკვრა; პიანინოდან ისეთი მდიდარი ნაკადი მოედინებოდა, შეგეშინდებოდა რომ მის ბოლომდე აღსაქმელად შეიძლება დრო არ გყოფნოდა. აკორდები კი ზღვასავით მოედინებოდა და მოედინებოდა.
– მიდი, მიდი! – უყვიროდნენ დარბაზიდან.
დინი სულ გაიოფლა; პირდაპირ საყელოში ეღვრებოდა ოფლი.
-აი, ისიც! აი, როგორია! ბებერი ღმერთი! ბებერი ღმერთი, შირინგი,! ხო! ხო! ხო!
შირინგიც გრძნობდა, რომ ზურგს უკან ვიღაც გადარეული ეჯდა. ვერ ხედავდა, მაგრამ მისი გაძნელებული სუნთქვა და ყოველი წამოძახილი ესმოდა.
-ეგრეა!-ამბობდა დინი,- ხო!
შირინგი იღიმებოდა; სკამზე ირწეოდა. წამოდგა. ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა. 1949-ში ეს მისი საუკეთესო დღეები იყო, ვიდრე შემდეგ კომერციული და გულგრილი გახდებოდა. როცა წავიდა დინმა პიანინოს სკამზე მიმითითა და მითხრა:
-ღმერთის ცარიელი ტახტი!
პიანინოზე საყვირი იდო; მისი ოქროსფერი ჩრდილი დრამის უკან კედელზე დახატულ უდაბნოში მიმავალ ქარავანზე უცნაურად ირეკლებოდა. ღმერთი წავიდა; დარბაზში სიჩუმემ დაისადგურა.იმ საღამოს წვიმდა. წვიმიანი ღამის მითი იყო. დინს აღფრთოვანების და მოწიწებისგან თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა. ეს სიგიჟე არსად არ მიგვიყვანდა. მე თვითონ რა მემართებოდა, არ ვიცოდი, მერე უცებ გამახსენდა, რომ იმ დღეებში მარტო მარიხუანას ვეწეოდით. დინმა იყიდა ნიუ-იორკში. სწორედ ამან მაფიქრებინა, რომ სადაცაა დადგებოდა წამი, წამი, როცა უკვე ყველაფერი იცი და როცა უკვე ყველაფერი სამუდამოდ გაქვს გადაწყვეტილი.”
“ფრენკისთან და ბავშვებთან დავბრუნდით, მოულოდნელად დინი გააცოფა დისკმა, რომელსაც ჯენეტი უკრავდა, აიღო და მუხლზე გადაიმტვრია; მისი აზრით მაგარი გოიმური კონცერტი იყო. იქ კიდევ ერთი დისკი იდო,დიზი გილესპის “კონგოს ბლუზი”,რომელსაც დინი აფასებდა, მაქს უესტი უკრავდა დასარტყამზე..”
“მოულოდნელად
დინმა სცენის უკან სიბნელეს გაუშტერა თვალი და მეუბნება: – სალ, ღმერთი მოსულა.”