როგორ მოვიშოროთ სახიდან შავი წერტილები, ანუ ფერიმჭამელები?
შავი წერტილები, როგორც წესი, ჩნდება ცხვირზე, შუბლზე, ნიკაპზე, როგორც ცხიმიან, ისე მშრალ კანზე. ეს კოსმეტიკური ნაკლი გვხვდება არა მარტო ქალებში, არამედ მამაკაცებშიც. ფერიმჭამელები ახალგაზრდა სახესაც კი არასასიამოვნო იერს სძენს.
შავი წერტილები ცხიმოვანი ჯირკვლების გაფართოებით და შიგ მტვრისა და სხვადასხვა ნივთიერების დალექვით ჩნდება. ასევე, კანისთვის შეუფერებელი კრემების გამოყენებით და კვების რეჟიმის დარღვევით. ამასთანავე, ზოგიერთი კანი უფრო მეტად არის მიდრეკილი შავი წერტილების წარმოშობისკენ, ზოგიერთი კი ნაკლებად.
იმისთვის, რომ ფერიმჭამელები არ გაჩნდეს, პირველ რიგში, სახის კანი უნდა დავიცვათ დაბინძურებისგან, დავიცვათ მისი სისუფთავე, გამოვიყენოთ შესაბამისი კრემები.
შავი წერტილების საწინააღმდეგოდ არსებობს სხვადასხვა საშუალება. ეს ადგილები ხშირად უნდა გავიწმინდოთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით, სუფრის ძმრით ან ლიმონის წვენით. უმჯობესია, მანამდე გავიკეთოთ ორთქლის აბაზანა, შემდეგ დავილბოთ საპნის ქაფით და ასე ამოვიღოთ ისინი. არსებობს სპეციალური "კოვზები", რომლითაც ხდება მათი ბუდიდან ამოგდება.
თუკი პროფესიონალი კოსმეტოლოგი გყავთ, უმჯობესია, მას მიმართოთ, თუ არა და ამის გაკეთებას თქვენც შეძლებთ. ფერიმჭამელების ადგილები დალბობის შემდეგ მოიწმინდეთ წყალნარევი "პერეკისით" ან სპირტით. ფრჩხილზე გადაიკარით წყალნარევ სპირტში ან "პერეკისში" დასველებული და გაწურული ბამბა და ასე ამოიგდეთ ფერიმჭამელები. ამის შემდეგ ეს ადგილები მოიწმინდეთ ზემოთ ხსენებული სითხეებით (ლიმონის წვენი, ძმარი). სასურველია, ეს პროცედურა გაიკეთოთ მაშინ, როდესაც სახლიდან გასვლას არ აპირებთ. პროცედურის შემდეგ ამ ადგილებზე არ არის რეკომენდებული კრემის წასმა. უმჯობესია, თხელ ფენად წაისვათ სამკურნალო მალამოები: "ფიტომალი" ან "კოლხური".
შავი წერტილების გამრავლების წინააღმდეგ სასარგებლოა შემდეგი ხსნარით კანის გაწმენდა: სპირტი (50 მგ), 5%-იანი ბორისმჟავა (50 გრ), გლიცერინი (2 გრ), კალენდულას ნაყენი (2 ს/კ) და 1 ს/კ წყალი.
კარგ შედეგს იძლევა შემდეგი ნარევები:
1. მცირე რაოდენობის საპარს კრემში შეურიეთ მარილი და სოდა. ნაზი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ფერიმჭამელებიან ადგილას. ასევე წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ 5-წუთიანი მასაჟი. ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გადაისვათ თქვენთვის შესატყვისი კრემი.
2. გლიცერინს (5 გრ) შეურიეთ ძმარი (1 ს.კ.) და ტალკი (7 გრ). იზილეთ წრიული მოძრაობებით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
3. საპარს კრემში შეურიეთ ცოტა მარილი და რამდენიმე წვეთი "პერეკისი" (3%). გაიმეორეთ იგივე მეთოდი და 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
4. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში გაიკეთეთ შემდეგი ნარევი: უხეშად დაფქულ ჰერკულესში (1 ს.კ.) შეურიეთ სოდა (1 ჩ.კ.), დაუმატეთ ცოტა თბილი წყალი, იმდენი, რომ მასა სქელი გამოვიდეს. შეიზილეთ ფერიმჭამელებში და გაიკეთეთ მასაჟი. ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით.
ყოველივე ამასთან ერთად, აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა. ნუ მიეძალებით ახალ გამომცხვარ პურს, კრემიან ნამცხვარსა და შოკოლადს. იკვებეთ სასარგებლო პროდუქტით — ხილითა და ბოსტნეულით, მიირთვით მაწონი და კეფირი. ასეთი კვება სასარგებლოა მთელი ორგანიზმის "საკეთილდღეოდ" და მათ შორის, ფერიმჭამელების წინააღმდეგ საბრძოლველადაც.