"ნუ დამალავთ თქვენს შვილებს, მოკიდეთ ხელი და ქუჩაში ამაყად გაიარეთ"
"თანატოლებთან ურთიერთობა მიხარია და მინდა კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიო. მიყვარს სიმღერა, განსაკუთრებით ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები. ვუკრავ ხალხურ საკრავებზე. დოლზე დაკვრა ძალიან მომწონს."
20 წლის გიგო შიუკაშვილი საზოგადოებამ «X ფაქტორიდან» გაიცნო. იგი თანაწამყვანთან ერთად კურსანტებს წარადგენდა და მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ სპექტაკლშიც გამოჩნდა, დარბაზში აპლოდისმენტები არ წყდებოდა. გიგო დედისერთაა, დედა, ინგა სარჯველაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოში უფროსის მოადგილეა. 4 წელზე მეტია პატიმრების რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის კუთხით მუშაობს.
გიგო შიუკაშვილი:
-დამთავრდა პროექტი, სპექტაკლშიც მივიღე მონაწილეობა და ახლა არდადეგები დამეწყო. მეთორმეტე კლასში გადავედი, წელს ვამთავრებ სკოლას. ძალიან მინდა მსახიობობა, აუცილებლად ჩავაბარებ თეატრალურში, მინდა ბევრი სამსახური მქონდეს, ბევრი მეგობარი მყავდეს, ჩემი მეგობრები მიყვარს. ტელეწამყვანობა ძალიან მომეწონა, მინდა სხვა პროექტებშიც მივიღო მონაწილეობა, მომეწონა თათუკასთან ერთად მუშაობა. ვამხნევებდი ადამიანებს და ეს პროცესი მომწონდა.
გიგო, პროექტში როგორ აღმოჩნდი?
--ჩემი მეგობრები, კოკა და ნინო რომ გამოვიდნენ ნიჭიერში, მათთან ერთად მეც ვმონაწილეობდი, მათ უკან ვიდექი და ვცეკვავდი. მერე დამირეკეს და მითხრეს, ტელევიზიაში უნდა მოხვიდეო. თავიდან მითხრეს, ეს არის მოსინჯვა და ნუ შეიქმნი წინასწარ ისეთ განწყობას, რომ მოგიწევს ეკრანზე გამოჩენაო. დედამ მასწავლა, ათასჯერ უნდა მოვსინჯო და ბოლოს მაინც გამოვა. მართლა გამოვიდა, მიხარია, მაგრამ -X ფაქტორი- წელიწადში ერთხელ არის და მე მინდა უფრო მეტად გავხდე პოზიტივი, უფრო ხშირად ვჩანდე ეკრანზე. ჩემი დედა ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს, რომ ასეთი თბილი დედიკო მყავს. ის მკაცრი საერთოდ არ არის. ხშირად მარიგებს ჭკუას და მაძლევს დარიგებებს.
როგორია თქვენი ერთი დღე?
ინგა სარჯველაძე:
-დილის შვიდის ნახევარზე რეკავს ჩვენი მაღვიძარა, შვიდ საათზე მივდივართ დედა-შვილი ცურვაზე, მერე გიგოს ვტოვებ სახლში და მე სამსახურში მივდივარ. მთელი ცხოვრება ძალიან დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობ, არასდროს მქონდა ისეთი სამსახური, სადაც შეიძლებოდა დრო მომეპარა, ამის მიუხედავად, სამსახურს არასდროს შეუძლია ხელი რომ შვილისთვის დრო მქონოდა და მიმეცა ის, რაც მას სჭირდებოდა.
-თქვენს დატვირთულ გრაფიკს გიგო არ აპროტესტებდა?
-გვაქვს შეთანხმება, მე ჩემი საქმე მაქვს, მას თავისი. პატარა ასაკიდან გიგო დამოუკიდებელი იყო. ჯერ ვერ მეტყველებდა, მაშინაც შეეძლო ენიშნებინა რა უნდოდა და მისი სურვილი სრულდებოდა. მშობელმა თავიდანვე უნდა გაითავისო, რომ შვილი არის დამოუკიდებელი პიროვნება, აქვს თავისი ცხოვრება, ის უნდა იყოს რეალიზებული. შენ ღმერთმა გარგუნა ბედნიერება იყო მისი დედა, რაღაც პერიოდი უნდა მწყემსო მისი ცხოვრება, აღზარდო და დააყენო გზაზე. მას ყოველთვის აქვს არჩევანის უფლება. არასდროს იღებს საყვედურს ახსნის გარეშე. ყოველთვის იცის, რასაც ვეტყვი, იმას შევუსრულებ. ძალიან ცელქი არ იყო. პატარაობიდანვე იცოდა, რომ დასჯა იყო ცუდი, თუკი ძალიან გამაბრაზებდა, ვეტყოდი, გიგო, იცოდე დაგსჯი, ყველაზე დიდი დასჯა მისთვის ამ სიტყვების თქმა იყო. ამ სიტყვებს გაიგებდა და მაშინვე იწყებდა, დედა არ დამსაჯო. ამ სიტყვების გამოყენება ცხოვრებაში რამდენიმეჯერ დამჭირდა.
-რა ასაკში შეგეძინათ შვილი და მისი დიაგნოზი წინასწარ იცოდით?
-21 წლის ვიყავი გიგო რომ შემეძინა, მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი, გიგო იქ გაჩნდა. დაუნის სინდრომი იყო მისი დიაგნოზი, ჩვენს შორის ბევრი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება. წინასწარ არაფერი ვიცოდი. ძალიან გამიმართლა, რომ მოსკოვში მოვხვდი, იქ დავდიოდი ორგანიზაციაში, სადაც ამ ყველაფერზე ლიტერატურა იყო. თავიდანვე მოვხდი ისეთ ხალხთან, რომლებმაც ბევრი რამე მასწავლეს. ჩვილობიდან მუშაობენ ასეთ ბავშვებთან, მაგრამ ძირითადად მუშაობა დედასთან და ოჯახის წევრებთან მიდის. მოსკოვში მართლა კარგი ცენტრი იყო, უამრავი ტრეინინგი გავიარე, უამრავი ლიტერატურა შევისწავლე. ორი წელი იქ ვიყავით. იქიდან ჰოლანდიაში უნდა წავსულიყავით საცხოვრებლად, რადგან იქ გენიალური სერვისები აქვთ ასეთი ბავშვებისთვის, ყველაფერი მზად მქონდა, ბილეთებიც კი ნაყიდი იყო, მაგრამ ბოლო წუთას გადავიფიქრე, ვთქვი, ჩემი შვილი საქართველოში უნდა გაიზარდოს-მეთქი და თბილისში წამოვედით. აქ ჩამოვაყალიბე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ასოციაცია, სპეციალისტები მოსკოვში გავაგზავნეთ განათლების მისაღებად. ნამდვილად არ იყო ეს მარტივი გზა, მაგრამ ეს ბავშვები ამას იმსახურებენ.