20.08.2015 00:14
მარტორქის და ვირების მეგობრობის ამბავი თბილისის ზოოპარკიდან
თბილისის ზოოპარკი ის ადგილია, სადაც ლომები ძაღლებს უმეგობრდებიან, ნიანგები და პინგვინები კი აუცილებლობის შემთხვევაში ერთმანეთს საცხოვრებელს უთმობენ.
ზოოპარკი მარტორქა მანუელასა და ვირების, გრეტასა და მაშოს მეგობრობის მომსწრეცაა. ადმინისტრაცია ფეისბუქზე მათი თამაშის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და ამბავს გვიყვება:
"რამდენიმე დღის წინ თამაშის დროს მივუსწარით, ოღონდ ერთი შეხედვით ეს ცუნდრუკი ცეკვას უფრო ჰგავდა, ვიდრე თამაშს. ერთგვარი ტანგო იყო. მართალია დიდად დახვეწილი და ცეცხლოვანი არა, მაგრამ მაინც… მძიმეწონიან მანუელას მოძრაობები ცოტა მოუხეშავად გამოსდიოდა, სამაგიეროდ გრეტა მეტად გრაციოზული იყო და კოხტად კვანწავდა გრძელ ფეხებს მარჯვნივ და მარცხნივ. მოკლედ სულ მტვერი ადინეს ნაწყალდიდობარ საცეკვაო მოედანს და თვითმხილველთა უმაღლესი შეფასებებიც დაიმსახურეს."
კიდევ ერთი კარგი ამბავი — სტიქიის შედეგად დანგრეული მარტორქას ზამთრის სადგომის აღდგენა დასასრულს უახლოვდება და ჩვენი მანუელა ცივ თვეებს კომფორტულად გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზოოპარკი სექტემბერში გაიხსნება.