22.08.2015 15:12
დავა, როგორც სერიალი - ვისია თბილისის "დინამო" და "დინამო თბილისი
ალბათ, ამა თუ იმ ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად არ ყოფილა ისეთი გამწარებული და ხანგრძლივი ბრძოლა, როგორც ეს თბილისის "დინამოს" შემთხვევაში მოხდა და ხდება.
კლუბისთვის ბრძოლა მისმა ყოფილმა მეპატრონეებმა ხელახლა წამოიწყეს და საამისოდ უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ეს ამბავი თბილისის "დინამოს" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა წევრმა ნუკრი კაკილაშვილმა გაამხილა, რომელიც ახალდაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია — "დავიბრუნოთ თბილისის დინამო" — ერთ-ერთი დამფუძნებელია.
"თბილისის "დინამო" 1925 წლიდან არსებობს. მაგრამ მერე სახელი შეუცვალეს და ამჟამად არსებობს "დინამო თბილისი" — 2001 წლიდან სწორედ ასეა დარეგისტრირებული.
უეფაშიც ჰგონიათ, რომ ეს ძველი თბილისის "დინამოა". არადა, ეს გუნდი შპს საფეხბურთო კლუბ "დინამოს" სამართალმემკვიდრეს არ წარმოადგენს და ძველ კლუბთან კავშირი არ აქვს.
2001 წელს, კლუბი მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, კახა თარგამაძემ წაგვართვა და შსს-ს მაღალჩინოსნების ოჯახებს გადაუფორმა. ასე შეიქმნა შპს "დინამო თბილისი", რომელიც თბილისის "დინამოს" სამართალმემკვიდრე არ არის.
ჩვენ ვაპირებთ სამართლიან ბრძოლას. უზენაეს სასამართლოში სარჩელი უკვე შევიტანეთ და პროკურატურაშიც ვაპირებთ, რომ შევიტანოთ. მაგრამ დიდი აჟიოტაჟის ატეხაც და ამით ქართული ფეხბურთის იმიჯის კიდევ ერთხელ შელახვაც არ გვსურს.
იმედია, საკითხი მშვიდად მოგვარდება", — ამბობს კაკილაშვილი.
"დინამო", რომლის ამჟამინდელი მფლობელიც რომან ფიფიაა, სასამართლო დავისთვის მზადაა. კლუბის წარმომადგენელთა თქმით კი, დაინტერესებულებიც არიან, რომ საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს და ამ თემით სპეკულირება შეწყდეს.
შეგახსენებთ, რომ 1925 წლის შემოდგომაზე კლუბი სპორტსაზოგადოება "დინამოს" ხელმძღვანელებმა დააარსეს. დამოუკიდებლობის წლებში კი, როდესაც "დინამოს" გაუჭირდა, კომპანია "ბერმუხამ" და მისმა მეგობრებმა შეისყიდეს. კლუბში აქციათა 80 პროცენტი მერაბ რატიანს ეკუთვნოდა, 10 — მერაბ ჟორდანიას, 10 პროცენტი კი სპორტსაზოგადოება "დინამოს" დარჩა.
თუმცა, საბოლოოდ, სწორედ ამ 10-პროცენტიანი წილის მფლობელმა სპორტსაზოგადოებამ გააგდო 90 პროცენტის მქონე მეწილეები.
2001 წლის იანვარში შსს-ს მაშინდელმა მინისტმა კახა თარგამაძემ ბადრი პატარკაციშვილთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის შემდეგაც შსს-ს თავისი წილი და ხელახლა რეგისტრირებული "დინამო თბილისი" ბიზნესმენის საკუთრებაში გადავიდა.
2011 წლის იანვრიდან კლუბის მეპატრონე უკვე რომან ფიფია გახდა, რომელმაც საკმაოდ დიდი ინვესტიციაც განხორციელდა — ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელი ბაზა ევროპული სტანდარტების მიხედვით განაახლა და ის დღეს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ფიფა-უეფას სტანდარტების შესაბამისად, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა "დინამო არენაზეც", აშენდა ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია...
მერაბ ჟორდანია ამტკიცებს, რომ გარდაცვალებამდე პატარკაციშვილი კლუბის დაბრუნებას შეჰპირდა. თუმცა, ფაქტია, რომ დავა გრძელდება...