არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ქართველი პირველი პირები და მათი არაოფიციალური ქალები

ხელისუფლების უმაღლესი პირების ერთ-ერთი სუსტი წერტილი საპირისპირო სქესის ადამიანები არიან. ბუნებრივია, გამონაკლისს არც ქართველი მეფეები წარმოადგენდნენ, მათაც ჰქონდათ ეს სისუსტე, თუმცა ზოგს მეტად, ზოგსაც — ნაკლებად. მაგალითად, ისტორიულად ცნობილი ფაქტია (შემდეგ ეს გიორგი მერჩულემ აღწერა თავის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმობეში — "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"), რომ შემდგომში წმინდანად შერაცხულ აშოტ კურაპალატს, ზნეკეთილ მეფეს, "გარდარეული სიყუარულით" შეუყვარდა ერთი ქალი, დაივიწყა ღირსებაც, პატივიც, მოვალეობაც ღვთისა და ერის წინაშე და დედოფლისთვის აღდგენილ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა იგი. ღირსმა გრიგოლ ხანძთელმა შეიტყო "საქმეჲ იგი სულისა განმხრწნელი", "შეწუხდა ფრიად", ეახლა მეფეს და ამხილა მისი უღირსი საქციელი. შეცბუნებულმა აშოტმა აღუთქვა განტევება ქალისა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა, "რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა". ღირსმა გრიგოლმა აშოტ კურაპალატის დაუკითხავად დედაკაცი სასახლიდან წაიყვანა და მერეს დედათა მონასტერში წინამძღვარ თებრონიას მიჰგვარა. მეფემ დედა თებრონიას ქალის გაშვება სთხოვა: მონაგები ჩვენი მის ხელთ არისო. დედა თებრონიამ მკაცრად შეახსენა მეფეს, "მიზეზებად მიზეზთა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა". ხორციელად ძლიერმა ხელმწიფემ თავი დადრიკა "სულით ძლიერი" დედის წინაშე და ოხვრით წამოსცდა: "ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს". ღვთისმოშიშმა მეფემ, რომელსაც "მამხილებელად აქუნდა თჳსი გონებაჲ" ძლია მის პირად გრძნობებს და კეთილგონიერად გააგრძელა ქვეყნის მართვა.
არანაკლებ ცნობილი ფაქტია, როდესაც თამარ მეფის ვაჟს, საქართველოს მეფეს ლაშა-გიორგის ველისციხელი აზნაურის ქალი შეუყვარდა, რომელიც მეუღლედაც დაისვა, თუმცა შემდეგ ეს ქალი დააშორეს. როგორც ჩანს, ლაშას სიყვარული ამ ქალისადმი იმხელა იყო, რომ ამის მერე ცოლი აღარ შეურთავს. მასთან ლაშას ერთი ვაჟი, დავითი ეყოლა, რომელიც შემდგომში საქართველოს მეფე გახდა. ამ ისტორიაში არაფერი გასაკვირი არ იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება, მეფეს იმდენად შეუყვარდა ქალი, რომ ის მის კანონიერ მეუღლეს ძალით გააშორა. სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად გრიგოლ აბაშიძის, რომანს: "ლაშარელა".
ხშირი იყო, როდესაც ქართველი მეფეებს რამდენიმე ცოლი ჰყავდათ, თუმცა ეს ძირითადად პოლიტიკური მიზნებით იყო გამოწვეული, რადგან ქართველი მეფეები არ ეკუთვნოდნენ მხოლოდ საკუთარ თავს და მათი ყველა ნაბიჯი სახელმწიფოს ინტერესით იყო ნაკარნახევი და ხშირად მეორე ნახევარს იმის მიხედვით ირჩევდნენ, თუ ვისთან დამოყვრება სჭირდებოდა ქვეყანას.
საინტერესოა, რომ მოკავშირის შეძენის ასეთ ხერხს მიმართავდნენ არა მარტო სუსტი მმართველები, არამედ ძლიერი მეთაურნიც, მაგალითად: დავით აღმაშენებელს ჯერ კიდევ სიჭაბუკეში ცოლად შერთეს სომეხი ქალი, რომელთანაც შეეძინა ვაჟიშვილი დემეტრე (შემდგომში დემეტრე I), პირველი ცოლის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. მეორე ცოლად მოიყვანა გურანდუხტი, ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული, რომელთანაც შეეძინა კიდევ ერთი ძე ვახტანგი (ცუატა) და ასულნი — თამარი, კატა და თამარ მრწემი.
ნიშანდობლივია, რომ დავითის უფროსი ქალიშვილი თამარი ცოლად ყავდა შირვანის შაჰს მანუჩარ II-ს, კატა — ბიზანტიის კეისარ იოანე კომნენოსის უმცროს ძმას, ალექსის, ხოლო თამარ მრწემი — ოსეთის მეფეს (დემეტრე I-ს დროს მისთხოვდა).
როგორც ჩანს, მიუხედავად დავითის სიძლიერისა, ის მაინც ცდილობდა მოკავშირის ყოლას, რაც მის ყივჩაღებთან და ოსებთან დანათესავებაში გამოიხატა კიდეც.

ყივჩაღები იმ დროინდელ კავკასიაში ანგარიშგასაწევ ძალას

წარმოადგენდნენ, რაც კარგად უწყოდა დავითმა და ეს ყველაფერი საქართველოს სასარგებლოდ გამოიყენა კიდეც. ნაკლებ სავარაუდოა, რომ დავითს განსაკუთრებული სიყვარულის გამო შეერთოს გურანდუხტი, ეს უფრო პოლიტიკურ ნაბიჯს გავს, ვიდრე გამიჯნურებული მეფის ქცევას. რაც შეეხება დავითის შვილების უცხო ქვეყნებში გათხოვებას, ამ შემთხვევაში პირიქითაა საქმე. ამ ქვეყნებს საქართველო ესახებოდათ ძლიერ მოკავშირედ და შეიძლება ითქვას, მფარველადაც კი.

რაც შეეხება საქართველოს იმ მმართველებს, რომლებიც ხალხის მიერ იყვნენ არჩეული (ასეთი სულ ოთხია), მხოლოდ ერთ მათგანზე ვრცელდებოდა ხმები, რომ განსაკუთრებით უყვარდა საპირსპირო სქესი.

პირველი მმართველი ზვიად გამსახურდია იყო, რომელიც მეუღლის ერთგული იყო და ჭორის დონეზეც კი არ თქმულა მისი არაკანონიერი სიყვარულის შესახებ.

ანალოგიური შეიძლება ითქვას ედუარდ შევარდნაძეზეც, რომლის სიყვარული ნანული შევარდნაძისადმი სწორედაც რომ სამაგლითო იყო. როდესაც შევარდნაძეზე ყვებიან რამეს, აბსოლუტურად ყველა უსმვამს ხაზს მის დამოკიდებულებას ნანულისადმი.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან უამრავი ჭორ-მართალის ქარცეცხლში გაეხვა. ჭორების მიხედვით, მას განსაკუთრებით უყვარდა ქალები და დიდ დროს ატარებდა მათ გარემოცვაში.

რაც შეეხება ახლანდელ პრეზიდენტს, მისი აქტივობებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მისთვის ოჯახი და საკუთარი მეორე ნახევარი უმთვარესია, სწორედ ამიტომაცაა, რომ მის სასიყვარულო ურთიერთობაზე არავითარი ჭორი არ გავრცელებულა.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი