24.08.2015 22:20
ვინ არის გმირი, რომელიც 22 წლის ბიჭის გადარჩენას ემსხვერპლა - თვითმხილველები სულისშემძვრელ ტრაგედიაზე

ფოთის სანაპიროზე სულისშემძვრელი ტრაგედია დატრიალდა, — 40 წლის მერაბ ცინცაძე ზღვაში 22 წლის გიორგი ღუბელაძის გადასარჩენად შევიდა და თავადაც მასთან ერთად დაიღუპა! ბედისწერასთან ბრძოლას ადამიანი ყოველთვის როდი იგებს, თუმცაღა მერაბ ცინცაძის საქციელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, ადამიანობა შეუცვლელი ღირებულებაა.
ლ. ჩ. ტრაგედიის თვითმხილველი: — საუბედუროდ, ფოთის სანაპიროზე და ახლომახლო არეალში საკმაოდ ხშირია ტრაგედიები. აქ ძალიან საშიშია ზღვა, 80-100 მეტრს გაივლი და შეიძლება წყალი წელამდეც არ მოგწვდეს; მაგრამ შეიძლება ერთი-ორი მეტრით განზე გაიწიო და იმხელა ორმოში ჩავარდე, რომ 4-5 მეტრი ჰქონდეს სიღრმე. ამ ორმოებს მოკლე ტალღები აკეთებს. ამ დროს თუ პატარა ღელვაც დაემთხვა, ძალიან ძნელია გადარჩენა. ეს უბედურება რომ მოხდა, მეც ზღვაზე ვიყავი. გიორგი გოგოსთან ერთად იყო და ჩემთან ახლოს ისხდნენ. უკვე წასვლას აპირებდნენ, რომ გიორგიმ თქვა, — ერთხელ კიდევ ჩავალ, წყალს გადავივლებო. ამის თქმა იყო, წამოხტა და ზღვაში გადახტა. ეს იყო და ეს. უცებ გოგოს გამწარებული კივილი გავიგონე, — მიშველეთ, იხრჩობაო, საცოდავი ზღვას გაჰყურებდა და კიოდა. მეც რომ გავიხედე, წამით ისიც კი ვიფიქრე, — რას ამბობს, რა დახრჩობა, რის დახრჩობა-მეთქი, ზღვა საკმაოდ მშვიდი იყო, გიორგის არც უყვირია და არც არაფერი, მარტო ხელებს იქნევდა. მაგრამ რომ დავაკვირდი, მაშინვე მივხვდი, რომ მისი შეყვარებული მართალი იყო, აშკარად რაღაც უჭირდა. გიორგი ხომ ცოდვაა, — ძალიან კარგი ბიჭი იყო, კაცი იყო ნამდვილი, — ავღანეთის ჯარი მოიარა, კაცი რომ არ ყოფილიყო, იქ ხომ არ წავიდოდა, მაგრამ ეს გოგონაც ძალიან მეცოდება. როგორც ამბობენ, მალე ქორწილიათვის ემზადებოდნენ და ქორწილი დაკრძალვით შეეცვალა. სანამ მაშველები გიორგის იპოვნიდნენ, ზღვაზე გაათენა მათთან ერთად……
— მერაბ ცინცაძე როდის შევიდა ზღვაში?
— გიორგის შეყვარებულის კივილი რომ გაიგონა, არც დაფიქრებულა ისე წამოხტა და გაიქცა. თურმე ისიც, თანამშრომელთან ერთად,
გიორგისთან ახლოს მჯდარა პლაჟზე. რომ წამოვარდა და წყალში გადაეშვა, ის თანამშრომელიც უკან მიჰყვა, გიორგის საშველად. როგორც მერე გავიგე, თურმე ეს ბიჭები რესტორან "არაგვში" მუშაობდნენ. რესტორნებში საღამოობით იწყებენ მუშაობს და ბიჭებმა მანამდე გაგრილება გადაწყვიტეს. მერაბი ოზურგეთიდან არის, — კაცი ფოთში სამუშაოდ და ფეხზე დასადგომად ჩამოვიდა და ამ დროს სიცოცხლეც სხვას შესწირა.