22.08.2015 22:54
"შვილიშვილი ხელში ჩამაკვდა" - რას ჰყვება კლდის ჩამოშლის შედეგად დაღუპული 10 წლის ბიჭის პაპა
19 აგვისტოს, ჟინვალის საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა. ქვების მასაში მსუბუქი ავტომობილი მოყვა, რომელიც ანანურიდან ჟინვალისკენ მოძრაობდა. ნაშალი ლოდებისგან 10 წლის ბავშვი მძიმედ დააშავდა. კატასტროფის ბრიგადამ პატარა ვანიკო კოშაძე მცხეთაში, "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში გადაიყავანა, თუმცა, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჩვენ ბავშვის პაპას, იური ჩიხაშვილს დავუკავშირდით, რომელიც იმ საბედისწრეო დღეს ავტომანქანას მართავდა. ბატონი იური, თავად ექიმია და შვილიშვილის დახმარება, კატასტროფის ბრიგადის მოსვლამდე თავად სცადა…
როგორც გავარკვიეთ, სამანქანო გზის კლდიანი მხარიდან ქვების ჩამოშლა ინტენსიურად ხდება და ამ გზაზე მოძრავ მგზავრებს საფრთხეს მუდმივად უქმნის.
იური ჩიხაშვილი:
— ჩემი ოჯახი, მეუღლე, ქალიშვილი და ორი შვილიშვილი ანანურში მყავდა წაყვანილი, წყალსაცავზე გავასეირნე, ბავშვებმა იბანავეს და ჟინვალში ვბრუნდებოდით. ამ დროს დაიწყო ქვების ცვენა, საჭესთან მე ვიჯექი, როდესაც მანქანას ლოდები დაეცა, ერთი ლოდი სალონში შემოვარდა. ჩემი ვანიკო, ჩემი ტკივილი და უბედურება გვერდით მეჯდა და პირდაპირ მას მოხვდა… თავად ექიმი ვარ, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მანქანაში მქონდა სამედიცინო ინსტურემენტები, ძლიერი სისხლდენის შესაჩერებელი პროცედურა და ხელოვნური სუნთქვაც
ჩავუტარე. ამასობაში, ჩემმა მეუღლემ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში დარეკა და კატასტროფის ბრიგადაც მოვიდა, მაგრამ ვატყობდი, საქმე ძალიან ცუდად იყო. შვილიშვილი, ფაქტობრივად, ხელში ჩამაკვდა… სისხლის დანაკარგი ძალიან დიდი იყო, რასაც ქალა-ტვინის ღია ტრავმა ემატებოდა, საფეთქლის ძვალი და პირის ღრუც დაზიანებული ჰქონდა. დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავასებებელი აღმოჩნდა. რა გითხრათ, საშინელება ვნახე ჩემი თვალით… ყველაზე უბედური კაცი ვარ, რომელმაც ჩემს ხელში გაზრდილი შვილიშვილი წამებში დავკარგე და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე.
— მანქანაში მჯდომი დანარჩენი მგზავრების მდგომარეობა როგორია?
— მეორე შვილიშვილს, პატარა თინიკოს, უფლის წყალობით, არაფერი დამართნია, მაგრამ ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს, მანაც ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა.