21.08.2015 21:35
ვინ არიან ყველაზე მდიდარი ქართველი "ბიზნესვუმენები"?
"ბიზნესი მაღალ ქუსლებზე" — ზოგჯერ ასეც უწოდებენ საქმოსან ქალბატონებს. ჩვენ ვცადეთ, ყველაზე მდიდარი ქართველი "ბიზნესვუმენების" რეიტინგი შეგვედგინა. რა თქმა უნდა, ძნელია, ზუსტად დაადგინო, რა ქონება აქვთ უმდიდრეს ქართველ ქალებს, თუმცა, მათი ბიზნესწილებისა და საქმიანობის შეფასებით შთამბეჭდავ სურათს ვიღებთ.
ქეთი მელუა
ქართველ მომღერალ ქეთი მელუას რამდენიმე წელია, მსოფლიოში ცნობილ მდიდარ ბრიტანელებს შორის მოიხსენიებენ. სხვადასხვა შეფასებით, შოუბიზნესის ვარსკვლავის ქონება 12 მილიონი ფუნტია, რაც, ძირითადად, მილიონობით გაყიდული ალბომისა და შემოსავლიანი გასტროლების შედეგია. 2006 წლის 2 ოქტომბერს ქეთი მელუა გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს ზღვის დონიდან ყველაზე ღრმა წერტილში კონცერტის ჩატარებისთვის. მელუამ და მისმა ბენდმა ჩრდილოეთის ზღვაში, 303 მეტრის სიღრმეზე, გაზის ჭაბურღილის შახტაში არაჩვეულებრივი კონცერტი გამართეს.
ქეთა თოფურია
რა სიმდიდრის პატრონია, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ქეთა რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მომღერალია. თოფურია აცხადებს, რომ საოცნებო სახლი მოსკოვის ცენტრში და ძვირად ღირებული საოცნებო მანქანა საკუთარი შრომით შეიძინა. ქეთამ მომავალი მეუღლე, ებრაელი ბიზნესმენი ლევ გეიხმანი თვითმფრინავში გაიცნო. გავრცელებული ინფორმაციით, გეიხმანს ნავთობის ბიზნესი აქვს და სურს, ბიზნესსაქმიანობაში ქეთაც ჩართოს.
ელა იაკობაშვილი
ცნობილი ბიზნესმენისა და ინვესტორის, დავით იაკობაშვილის მეუღლეს — ელა იაკობაშვილს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების ქონება აქვს. ელა პარიზში ცხოვრობს. ევროპაში მულტიმილიონერ დავით იაკობაშვილს უძრავი ქონების ბიზნესი აქვს, რომლის მნიშვნელოვან წილს მეუღლე განკარგავს. მათ ერთმანეთი გასული საუკუნის 90-იან წლებში გაიცნეს, როცა დავით იაკობაშვილი პარტნიორებთან ერთად სილამაზის სალონ "ჟენშენს" ხსნიდა. მაშინ ელამ მასთან მდივნად დაიწყო მუშაობა...
ნინო ვასაძე
ის უკრაინის საავტომობილო ბიზნესის ლიდერის — "უკრავტოს" მფლობელ ტარიელ ვასაძის ქალიშვილია. ტარიელი მსხვილი ავტომწარმოებელი, დისტრიბუტორი და სერვისული მომსახურების მიმწოდებელია უკრაინაში. ამასთან, დსთ-ის ქვეყნებში ავტომობილების მთავარი ექსპორტიორია. ვასაძის აქტიური საქმიანობის წყალობით, კომპანია 20-ზე მეტი საავტომობილო ბრენდის გენერალური იმპორტიორი და ოფიციალური დილერია. ტარიელ ვასაძის ქალიშვილს ახალგაზრდა ბიზნესლედის უწოდებენ. ის კომპანია "ავტოკაპიტალის" (უკრაინაში "მერსედეს-ბენცის" წარმომადგენლობა) ფინანსური დირექტორია და "უკრავტოს" სამეთვალყურეო საბჭოსაც უდგას სათავეში. ბიზნესის მართვის ნიჭის გარდა, ნინო გარეგნობითაც გამოირჩევა, უყვარს გემოვნებით ჩაცმა და ბომონდურ შეკრებებსაც ხშირად ესწრება. ჟურნალმა "კორესპონდენტმა" რამდენჯერმე შეიყვანა "უკრაინის ყველაზე გავლენიან ქალთა" სიაში.
ინა გუდავაძე
გაზეთმა "სანდი თაიმსმა" ბრიტანეთისა და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა მეგზური — RICH LIST-2014 — გამოაქვეყნა და მასში გაერთიანებული სამეფოს ათასზე მეტი უმდიდრესი ადამიანი შეიყვანა. მათ შორის არიან ინა გუდავაძე და ქეთი მელუა. ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე ტელეკომპანია "იმედის" მფლობელია. პატარკაციშვილების ოჯახს წილები და აქტივები როგორც საქართველოში არსებულ კომპანიებში, ასევე აშშ-ში, სერბეთში, მაროკოში, ესპანეთსა და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აქვს...