05.09.2015 20:41
ფეისბუქი ამერიკის საჯარო სკოლების ალტერნატიული სწავლებისთვის პროგრამას ქმნის
ფეისბუქმა საგანმანათლებლო პროექტი წამოიწყო, რომელსაც ის ორგანიზაცია "სამიტთან" ერთად აკეთებს. პროექტის ფარგლებში ფეისბუქი გამოყოფს გუნდს, რომელიც "სამიტის" საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწაზე იმუშავებს. პროგრამა ფეისბუქისგან დამოუკიდებელი პროექტია და მისი გამოყენებისთვის სოციაულურ ქსელში დარეგისტრირება საჭირო არ იქნება.
"სამიტი" არის ორგანიზაცია, რომელიც საჯარო სკოლებში ალტერნატიული სწავლების სისტემაზე მუშაობს. "სამიტმა" მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. 2014-2015 სასწავლო წელს კი "სამიტის" პროგრამით 7 სკოლის 2000 მოსწავლე იღებდა განათლებას.
"სამიტს" საკუთარი სწავლების მეთოდი აქვს. სწავლა პერსონალიზებულია და თითოეულ მოსწავლეს მასზე მორგებული სასწავლო პროგრამა აქვს. სასწავლო ოთახი არ არის თეორიული გაკვეთილებისთვის. მოსწავლეები სპეციალური პროგრამის მეშვეობით სწავლობენ. საკლასო მეცადინეობის დრო კი პრაქტიკული სავარჯიშოებისა და პროექტებისთვის გამოიყენება. სწავლის დაწყებისას სტუდენტები მასწავლებელთან ერთად გრძელვადიანი მიზნებს ისახავენ. შემდეგ კი გეგმავენ, თუ როგორ მიაღწიონ მიზანს სხვადასხვა კურსების მეშვეობით. სპეციალური პროგრამის მეშვეობით მასწავლებლებს, ისევე როგორც მშობლებს, შეუძლიათ შეამოწმონ მოსწავლეების პროგრესი.
"როდესაც რამდენიმე წლის წინ პირველად გავიგეთ "სამიტის" შესახებ, ჩვენ მოვიხიბლეთ მათი შედეგებით. თითქმის ყველა მათი კურსდამთავრებული წარმატებით აგრძელებს სწავლას კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. "სამიტის" სასწავლო პროგრამა ჩინებულია." — წერს სტატიაში ფეისბუქის პროდუქტების მთავარი ოფიცერი ქრის კოქსი.
როდესაც ფეისბუქის წარმომადგენლები არკვევდნენ, რატომ იყო სწავლების ეს მეთოდი ეფექტური, აღმოაჩინეს, რომ დიდი წვლილი მასწავლებელთა კულტურას და სკოლებს მიუძღვის, მაგრამ ამ პროგრამის „ჯადოსნურობას“ ასევე დიდი ამაგი აქვს. ამის შემდეგ ფეისბუქი დაუკავშირდა "სამიტს", რათა გაეგოთ, იყო თუ არა შესაძლებლობა, მათი თანამშრომლები "სამიტის" პროექტში ჩართულიყვნენ და დახმარებოდნენ. "სამიტის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ სწორედ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, რადგანაც პროგრამა სწავლების შეცვლილ მეთოდს ფეხს ვერ უწყობდა.
2015 სასწავლო წელს ფეისბუქი და "სამიტი" ითანამშრომლებენ, რათა დახვეწონ სასწავლო პროგრამა. ისინი გააკეთებენ პერსონალიზებული სწავლის პილოტურ პროგრამას საჯარო სკოლებისთვის. შემდეგ ამ საპილოტე პროგრამის შედეგებს გააუმჯობესებენ და, საბოლოოდ, ისინი ერთობლივად შესთავაზებენ დახვეწილ პროგრამას ამერიკის ყველა საჯარო სკოლას და, რაც მთავარია, ეს სრულიად უფასო იქნება.