05.09.2015 19:52
მოგებაც შეგვძლებია! - გამარჯვება, რომელსაც სავსე "დინამო" მოუხდებოდა და ოქრიაშვილის საქციელი, რომელსაც გამართლება არ აქვს
8 წლის წინ, 21 წლის ვიყავი. უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ ნაჩუქარი ბილეთით წავედი სტადიონზე. მაშინაც ისეთი განწყობით მივდიოდი, როგორც გუშინ და მაშინაც ისეთი განწყობით დავბრუნდი სახლში, როგორც გუშინ. ბევრი ტავტოლოგიაა, თუმცა გუშინდელი თამაშიც თითქმის ტავტოლოგია იყო 8 წლის წინანდელი თამაშისა. მოკლედ, გუშინ შოტლანდიის ნაკრებს მოვუგთ, თანაც ისე, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩა. ეს არ იყო მოგება, რომლის მერე ამბობენ — "გაუვარდა". გუშინ სტადიონზე იყო გუნდი, რომელსაც არაფერი გავარდნია, ითამაშა და მოიგო. იშვიათად გვინახავს ისეთი მოტივირებული საქართველოს ნაკრები, როგორიც გუშინ იყო. ერთი ხანობა ისიც კი ვიფიქრე, შოტლანდიაც ოკუპანტი ხომ არაა, ბიჭები რომ ასე თავდადებით ებრძვიან-მეთქი.
ბევრი, ვინც ამის წაკითხვის მერე მეტყვის, ერთხელ მოიგეს და გმირებად აქციეთო, შეიძლება მართალიც იყოს და შესაძლოა, ამ მოგების მერე (ღმერთმა ნუ ქნას) ისევ მოუგებელი სერიები დაიწყოს, მაგრამ ახლა გუშინდელისას ვწერთ ხვალისაზე ხვალ ვიფიქროთ.
მოუხდებოდა გუშინდელ თამაშს სავსე "დინამო", არადა თვეზე ნაკლებია გასული "ბარსა"-"სევილიას" მატჩიდან, რომელსაც იმდენი ხალხი დაესწრო, მართლაც ნემსი არ ჩავარდებოდა ტრიბუნაზე. ბევრი იტყვის, დადონ შედეგი და ხალხიც მივაო, "ბარსას" მესი ჰყავს და მაგიტომ იყო ხალხიო და სხვა… სამაგიეროდ იმ თამაშში არ ყოფილა საქართველო ჰიმნი და იმ თამაშს ქართველები არ თამაშობდნენ.
გუშინდელი გამარჯვება ძალიან საჭირო იყო, გუნდს უკვე გამჯდარი ჰქონდა დამარცხებულის ფსიქოლოგია და გიბრალტართანც კი ლამის მეორე გუნდად თამაშობდა, ნაკრების ბევრმა ფეხბურთელმა სანაკრებო მოგების გემოც კი არ იცოდა და ასეთ მოთამაშეს რთულია, რამე მოთხოვო. სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი გუშინდელი გამარჯვება, თორემ პირველი ადგილისათვის და მით უფრო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონაზე მოსახვედრდად რომ მხოლოდ შოტლანდიასთან 1-0 გამარჯვება არაა საკმარისი, ყველასთვის ცხადია.
გუშინ, სასიამოვნოდ გამაკვირვა ქართველთა მიერ დაახლოებით 5 წუთიანმა ბურთაობამ, როდესაც დაახლოებით მეათე წუთიდან მეთხუთმეტე წუთამდე 40-მდე პასი
გააკეთეს და მათი უმეტესობა მეტოქის ნახევარზე.
აუცილებლად უნდა ითქვას ცუდზეც და უპირველეს ყოვლისა თორნიკე ოქრიაშვილის გაუმართლებელ საცქიელზე. თორნიკემ მთელი თამაში კარგად ითამაშა, სული და გული ჩადო და ამას არავინ დაუკარგავს, თუმცა მაშინ, როცა მთავარმა მწვრთნელმა მისი შეცვლა გადაწყვიტა, ის რაც თორნიკემ გააკეთა, პროფესიონალ ფეხბურთელს არ ეკადრება, ასეთი საქციელისათვის ნაკრებიდან მოკვეთაც კი გამართლებული იქნება. ცუდი იყო, რომ სტადიონზე შოტლანდიელ ქომაგთა დროშა უფრო მეტი იყო, ვიდრე ქართული, ვიყოთ რეალისტები და ცუდი იყო გულშემატკივრობაც, რადგან მაყურებელთა ხმა მხოლოდ მაშინ ისმოდა, როცა მეტოქის საჯარიმო მოედნაზე შევდიოდით, თუ მანამდე ვინმე "საქართველოს" ყვირილს დაიწყებდა, წინ მჯდომი ისეთი სახით შეხედავდა, რომ გულშემატკივრობის ყოველგვარ სურვილს დაუკარგავდა. მატჩის ბოლო ათი წუთის მაინძლზე, კი ბატონო, მთელი სტადიონი ამხნევებდა გუნდს.
როგორც წესი, ყველა თამაშის მერე მატჩის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებენ, თუმცა მე რომ მკითხონ საუკეთესოდ ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, კახა ცხადაძეს დავასახელებდი, რადგან სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ თამაში გამოსვლამდე არ წავაგეთ, მისი დამსახურება იყო, რომ დაცვაში არ ვიჯექით, ცხადაძემ შეძლო და გუნდს აზრიანი ფეხბურთი ათამაშა, რასაც დიდი ხანია ელოდება ქართველი გულშემატკივარი.
სკოლაში, ჩემმა მასწავლებელმა იცოდა ხოლმე, მთელი სემესტრის მანძილზე თუ არ სწავლობდი და მხოლოდ ბოლოს ჩააბარებდი ერთ გაკვეთილს (რათა სამიანი მაინც დაეწერა), დინჯი ხმით იტყოდა — ჰმ, სად იყავი აქამდე?! შეგძლებია!
შეგვძლებია!!!