გაგიკვირდებათ მაგრამ ეს "მანქანა ობობაა" ...
ფრანგებმა უგზოობის პატარა ელექტრომობილი შექმნეს, რომელიც ობობასავით დადის! გაიცანით: Swincar E-Spider!
ობობა? ველოსიპედი? კვადროციკლი? ბაგი? ეს ახალი ფრანგული ელექტრომობილი ბევრი რამის ნაზავია. მისი სახელია Swincar E-Spider, რომელიც, გარდა იმისა, რომ ელექტრომობილია, ყველგანმავალიც გახლავთ. ყველაფერი, რასაც ქვემოთ, ვიდეოში ნახავთ, 1,5-კილოვატიანი ელექტრომოტორების და წონასწორობის სპეციალური კონსტრუქციის დამსახურებაა.
ღსანიშნავია, რომ ღერძები სიმძიმის ცენტრის მაღლაა, დაკიდების სისტემა კი იმდენად ექსტრემალურად მოქნილი და მოძრავია, რომ Swincar თითქმის ნებისმიერი სახის უსწორმასწორობას აწონასწორებს და მძღოლი თითქმის ყოველთვის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში რჩება.
Swincar ჩვეულებრივი საჭით იმართება და სრული ამძრაობითაც ხელმისაწვდომია. აჩქარება და დამუხრუჭება კი სპეციალური ბერკეტებით ხდება. ბატარეა მძღოლის ფეხების ქვეშაა დამონტაჟებული. Swincar-ის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია, მაგრამ ამ პატარა ყველგანმავლის შემთხვევაში სისწრაფე მართლაც მეორეხარისხოვანია. სიჩქარეზე მნიშვნელოვანი მისი მოქნილობაა.
ელექტრომობილი, რომელიც ბატარეის გარეშე 120 კილოგრამს იწონის, ფრანგებმა, პასკალ რამბომ და მისმა თანამოაზრეებმა, ჟერომ არსამ და ტიერი ჟამმა შექმნეს. ჩვენი ფრანგი კოლეგების ინფორმაციით, Swincar-ის გაყიდვები სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიწყება და მისი ფასი 10 000-დან 12 000 ევრომდე იქნება. იგეგმება ორადგილიანი ვერსიის გამოშვებაც.