03.09.2015 16:59
«როდესაც აღარ ვიქნები....» - მამის სულისშემძვრელი გზავნილი შვილს
დროა შეურიგდე იმას, რომ სამყაროში მუდმივი არაფერი არ არის. დრო მირბის, როგორც ქვიშა თითებშუა და უკვე ვერაფერს დავაბრუნებთ უკან. სწორედ ამაშია სიცოცხლის ტრაგედია და სილამაზე. დროს ვერ შეაჩერებ, ამიტომ ისწავლე იმის ორმაგად დაფასება, რაც ამ წუთას გაქვს. ყველა ადრე თუ გვიან დატოვებს სამყაროს. ვიღაც უფრო ადრე წავა. ვინც რჩება, ძალიან უჭირს ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული მწუხარების გადატანა. ეს ისეთი ტკივილია, რასაც დრო ვერ კურნავს. რაფაელ ზოხლერი ამაღელვებელი ამბავი მამაზეა, რომელმაც სიკვდილის წინ შვილს საოცარი სიტყვები დაუტოვა. სიტყვები, რომლებმაც მთლიანად შეცვალა ბიჭის ცხოვრება.
სიკვდილი ყოველთვის მოულოდნელია. უკურნებელი სენით დაავადებულებიც კი იმ იმედით იღვიძებენ, რომ არ მოკვდებიან სწორედ დღეს. შეიძლება ერთი თვის ან კვირის შემდეგ — ოღონდ დღეს არა...
”მამაჩემის სიკვდილი სრულიად მოულოდნელი იყო. იგი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამა არ იყო ცნობილი მუსიკოსი ან გამოჩენილი ადამიანი. სიმსივნე არ ირჩევს თავის მსხვერპლს. როდესაც ის წავიდა, მე 8 წლის გახლდით, უკვე იმ ასაკში, რომ შეგნებულად მომნატრებოდა მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე. ალბათ, უფრო ადრე რომ გარდაცვლილიყო, კარგად არ მემახსოვრებოდა, არ დამრჩებოდა მოგონებები, შესაბამისად ასე არ განვიცდიდი. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მე მახსოვს მამაჩემი და მის მოგონებებთან დაკავშირებული ყველა ტკივილი. მას არასოდეს უთქვამს, რომ მალე მოკვდებოდა. მაშინაც კი, როდესაც საავადმყოფოში იწვა და ძალიან მძიმედ იყო. პირიქით, მომავალი წლის გეგმებს აწყობდა, თუმცა, ალბათ იცოდა, რომ შემდეგ თვეს ჩვეთან აღარ იქნებოდა. ასე მგონია, რომ ასეთი დამოკიდებულებით ცდილობდა ჩემთვის იმედი შეენარჩუნებინა. მან მაიძულა გაღიმებული ვყოფილიყავი ბოლო წუთამდე. მამამ იცოდა, რაც ელოდა, ამიტომ იმედით მავსებდა, რადგან არ უნდოდა ჩემი ცრემლების დანახვა.
ერთხელ დედამ მოულოდნელად წამომიყვანა სკოლიდან საავადმყოფოში. ექიმმა რამდენადაც შესაძლებელი იყო, დელიკატურად გვამცნო მამის გარდაცვალების ამბავი. დედამ ტირილი დაიწყო, მას კიდევ შერჩენილი ჰქონდა იმედის ნაპერწკალი. მე შოკში ვიყავი. ნუთუ ეს არ იყო ისეთი დაავადება, რომელსაც ექიმი მოარჩენდა? ხმამაღლა ვტიროდი. ამ დროს მომიახლოვდა ექთანი, რომელსაც ყუთი ეჭირა ხელში. ყუთი სავსე იყო დაბეჭდილი ბარათებით. თითოეულს მისამართის მაგივრად რაღაც მინიშნებები ჰქონდა. ექთანმა ამოიღო ერთი-ერთი მათგანი და გამომიწოდა. ”მამაშენმა მთხოვა შენთვის გადმომეცა ეს ყუთი. მთელი კვირა წერდა ამ ბარათებს. გთხოვა, ახლა ეს ბარათი წაიკითხო. გამაგრდი!” — მითხრა მან. ბარათს გარედან ეწერა: ”როცა აღარ ვიქნები”.
გავხსენი.
”ჩემო საყვარელო ბიჭო, რადგან ამ წერილს კითხულობ, ე.ი. მე აღარ ვარ ცოცხალი. ვწუხვარ. ვიცოდი, რომ მალე მოვკვდებოდი. არ მინდოდა შენთვის მეთქვა ეს, რადგან შენს ცრემლებს ვერ გავუძლებდი. ვფიქრობ, ადამიანს, რომელმაც იცის, რომ მალე მოკვდება, აქვს უფლება მოიქცეს ცოტა ეგოისტურად. მე ბევრი რამ უნდა გასწავლო. ბოლოს და ბოლოს ჯერ ხომ არაფერი იცი. ამიტომაც გადავწყვიტე ამ წერილების დაწერა. ერთი სათხოვარი მაქვს: არ გახსნა საჭირო მომენტამდე, კარგი? ეს იყოს ჩვენი შეთანხმება. ძალიან მიყვარხარ. იზრუნე დედაზე. ახლა შენ ხარ ოჯახში ერთადერთი მამაკაცი.
მიყვარხარ, მამა.
P.S. დედასთვის წერილი არ დამიწერია, მას ისედაც დარჩა ჩემი მანქანა”.
წერილმა, რომელსაც ცრემლნარევი თვალებით ვკითხულობდი, ბოლოსკენ შეძლო ჩემი გაღიმება. აი, ასეთი საინტერესო რამ მოიფიქრა მამამ. ეს ყუთი გახდა ყველაზე ძვირფასი ნივთი ჩემს ცოვრებაში. წერილები მეკუთვნოდა მხოლოდ მე და მისი წაკითხვის უფლება არ ჰქონდა არავის. ზეპირად ვისწავლე თითოეული ბარათის დასახელება, ოღონდ შეთანხმების თანახმად — არც ერთი არ გამიხსნია დროზე ადრე.
დედა აღარ გათხოვილა. ალბათ იმიტომ, რომ მამა მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული იყო. თუმცა მან გაიცნო ერთი ადამიანი, რომელსაც ხვდებოდა ხოლმე. მე მიმაჩნდა, რომ ის არ იყო დედაჩემის ღირსი და ვეწინააღმდეგებოდი მათ ურთიერთობას. ერთხელ სილაც კი გამაწნა, რადგან ჩემი აზრი გამოვთქვი იმ მამაკაცის თაობაზე. სილის გაწვნის შემდეგ კანი ჯერ კიდევ მეწვოდა, რომ გამახსენდა მამის წერილი, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა: ”მაშინ, როდესაც დედასთან მოგივა გრანდიოზული უთანხმოება”. მაშინვე მოვძებნე ყუთი:
”ახლავე მოუხადე ბოდიში. არ ვიცი, რის გამო იჩხუბეთ და არ ვიცი, ვინ არის მართალი, მაგრამ მე კარგად ვიცნობ დედაშენს. ის შენი დედაა და მას უყვარხარ ყველაზე მეტად. იცი, რომ მან უმძიმესი მშობიარობა გადაიტანა შენს გასაჩენად? ოდესმე გინახავს ქალის მშობიარობა? თუ უფრო მეტი გინდა მისი სიყვარულის დასამტკიცებლად? ბოდიში მოუხადე. ის გაპატიებს. მიყვარხარ, მამა”.
მამაჩემის სიტყვები ყველაზე მეტად მოქმედებდა ჩემზე. იმ წამსვე შევვარდი დედის ოთახში, მოვეხვიე და ავტირდი. ჩამეხუტა და დიდხანს ვიდექით ასე ჩუმად. რა თქმა უნდა, შევრიგდით. ასე მეგონა, მამაც ჩვენთან ერთად იჯდა. მე, დედა და მამას ნაწილი, რომელიც ფურცელზე დაგვიტოვა.
გავიდა ცოტა დრო, სანამ წავიკითხავდი კონვერტს "როცა პირველად აღმოჩნდები ქალთან":
"გილოცავ, შვილო. ნუ ღელავ, თანდათან სულ უფრო უკეთესი იქნება ყველაფერი. პირველ ჯერზე ყოველთვის შიშს გგვრის. მე პირველად ძალიან ულამაზო ქალთან ვიწექი, რომელიც მეძავი იყო...
ყველაზე მეტად იმის მეშინია, ამ სიტყვების წაკითხვის მერე დედაშენთან არ გაიქცე და არ ჰკითხო, რას ნიშნავს პირველად ქალთან დაწოლა.
მიყვარხარ. მამა".
მამა თან მდევდა მთელი ცხოვრების მანძილზე. ის ჩემთან იყო მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის მკვდარი იყო. მის სიტყვებს საოცარი ძალა ჰქონდათ. ყოველთვის შეეძლო გავეღიმებინე ურთულეს სიტუაციებში, მეხმარებოდა გონების განათებაში გაბრაზების დროს. წერილმა ”როდესაც დაქორწინდები” — ძალიან ამაღელვა. მაგრამ იმაზე მეტად არა, როგორც წერილმა სათაურით — ”როდესაც მამა გახდები”:
”ახლა გაიგებ, რა არის ნამდვილი სიყვარული. მე არ ვიცი, ის გოგოა თუ ბიჭი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მიიღე უდიდესი სიამოვნება მასთან გატარებული ყოველი წუთით, გამოუცვალე საფენები, აბანავე, იყავი სანიმუშო, რათა მისთვის გახდე სამაგალითო. მე მგონი, შენ გაქვს ყველა თვისება, რომ გახდე სანიმუშო მამა”.
ყველაზე მტკივნეული შემდეგი წერილი გახდა. ვფიქრობ, მასაც ისევე უჭირდა ამ სიტყვების წერა, როგორც მე მათი წაკითხვა. დადგა ჩემს ცხოვრებაში მომენტი, როცა გავხსენი წერილი შემდეგი სათაურით: ”როდესაც დედა გარდაიცვლება”:
”ის ახლა ჩემია”.
ეს ერთადერთი წერილი იყო, რამაც ღიმილი ვერ მომგვარა. ყოველთვის ველოდი შემდეგ მომენტს, წამეკითხა მორიგი წერილი. საოცარია, რა უნდა მასწავლოს 27 წლის ახალგაზრდა კაცმა 85 წლის მოხუცს, დიახ სწორედ ახლა გადავიხადე იუბილე. ახლა როდესაც ვწევარ საავადმყოფოში, ზონდებით ”დახუნძლული” (საყლაპავის სიმსივნით), ვკითხულობ შემდეგ, და ალბათ ბოლო წერილს: ”როდესაც მოვა შენი დრო” ( ძლივს იკითხება სათაური). არ მინდა მისი გახსნა. მეშინია. არ მინდა იმის დაჯერება, რომ ჩემი დრო მოახლოვდა. არავის არ სჯერა, რომ ოდესმე მოკვდება. ღრმად ამოვისუნთქე და დავიწყე კითხვა:
”გამარჯობა, შვილო. იმედი მაქვს, რომ უკვე მოხუცებული ხარ. იცი, პირველად ეს წერილი დავწერე და ყველაზე მეტად მისი წერა გამიადვილდა. ბოლო დღეებში ბევრს ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე. ის ძალიან მოკლე, მაგრამ ბედნიერი იყო. მე ვიყავი შენი მამა და დედაშენის მეუღლე. ამაზე მეტი რა უნდა მენატრა?! ეს მაძლევდა სულიერ სიმშვიდეს. შენც იგივე გააკეთე შენი შვილისთვის. ჩემი რჩევაა: არ შეშინდე.
P.S. ძალიან მენტრები”.
შეუფასებელი საჩუქარი მთელი ცხოვრების მანძილზე, რომელიც ყველაზე ძვირფას მემკვიდრეობაზე მეტია. რა ბრძენი უნდა ყოფილიყო მამაჩემი — თავისი 27 წლის გამოცდილებით, რომ ყველაფერი წვრილმანებამდე გაეთვალა!..