01.09.2015 23:46
რატომ სცემეს "პლეხანოვზე" ჩინელმა გოგოებმა ქართველი ბიჭები
ქართველი გოგონებისთვის თურქ მამაკაცებს გზა გადაუკეტავთ. გოგონები ისევ რესტორანში შეცვენილან. მათ გამოჰქომაგებია ქართველი მამაკაცი და ქართველებსა და თურქებს შორის ჩხუბი ამტყდარა"
"სიგარეტი ხომ არა გაქვს? — მეკითხება დამტვრეული ქართულით ახალგაზრდა მამაკაცი და ხელს ჯერ გადაწკეპილ ულვაშზე ისვამს, შემდეგ კი საგულდაგულოდ დავარცხნილ თმას ისწორებს... დაახლოებით 300 მეტრის იქით, ერთ-ერთ ჩილიმ-ბართან მდგარი თურქი მამაკაცები გამვლელ-გამომვლელებს ეპატიჟებიან. ირანელი ორი ახალგაზრდა მამაკაცი მცირეწლოვან შვილებსა და ჩადრიან ქალთან ერთად ნელა მიუყვება ქუჩას. სანამ ყოფილ რკინიგზელთა სახლს" მივუახლოვდებოდი, ქართულად მოსაუბრე მოქალაქეებს ვითვლიდი. ასეთი მხოლოდ რამდენიმე შემხვდა. ვიცი, რომ თბილისი თავისი მდებარეობით, ხუროთმოძღვრული ძეგლებით, მრავალეთნიკური მოსახლეობით ყოველთვის ხიბლავდა მნახველს. მისი ვიწრო და ქაოსურად განლაგებული ქუჩები, სახელოსნოები, დუქნები და ფარდულები, ბაზარი, სადაც ყოველთვის ჩქეფდა სიცოცხლე, მოსახლეობა სხვადასხვა იერითა და კოლორიტული ჩაცმულობით ყოველთვის იზიდავდა მოგზაურებს. ეს ყველაფერი ვიცი, თქვენც იცით, მაგრამ არ მინდა ჩემი თბილისი პატარა სტამბოლად, ერაყად და ირანად გადაიქცეს! ვიცი, ამ პოსტისთვის ბევრი გამკიცხავს, ბევრიც დამეთანხმება, მაგრამ მე, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, საკუთარი აზრი და აღშფოთება დავაფიქსირე", — სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ წერილს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
აღმაშენებლის გამზირზე გასეირნება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც სოციალურ ქსელში ეს პოსტი წავიკითხე. უმრავლესობა ავტორს ყველაფერში ეთანხმებოდა, ზოგიერთი კი რასისტობაში სდებდა ბრალს. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი აღმაშენებლის პროსპექტზე მდებარე კაფე-ბარების უმრავლესობას პროსტიტუციის ბუდედ მოიხსენიებდა…
მოკლედ, ვესტუმრე აღმაშენებლის გამზირს. უცხოელების გაღიზიანებას ჩემი ფოტოაპარატი იწვევდა. ჩადრიანი ქალები სახეზე ხელს იფარებდნენ, მათი თანმხლები მამაკაცები კი პროტესტს ჟესტებით გამოხატავდნენ. მათთან გასაუბრების საშუალება მიზეზთა გამო (ხშირ შემთხვევაში ენის ბარიერი იყო პრობლემა ან უბრალოდ არ სურდათ გასაუბრება) ვერ შევძელი, ამიტომ გადავწყვიტე, აღმაშენებელზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას გავსაუბრებოდი.
ნათია მაისურაძე უკვე 40 წელია აღმაშენებელზე ცხოვრობს. ამბობს, უცხოელების რაოდენობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა.
— გოგონებისთვის საღამოს საათებში პროსპექტზე გამოსვლა სულ უფრო საშიში ხდება.
— რას გულისხმობთ?
— მეზობელი ქალი ამბობდა, რომ რამდენიმე თვის წინ ქართული რესტორნიდან გამოსული ქართველი გოგონებისთვის თურქ მამაკაცებს გზა გადაუკეტავთ. გოგონები ისევ რესტორანში შეცვენილან. მათ გამოჰქომაგებია ქართველი მამაკაცი და ქართველებსა და თურქებს შორის ჩხუბი ამტყდარა.
ნათია მაისურაძისგან განსხვავებით ნინო გურგენიძეს სულ არ უქმნის დისკომფორტს პროსპექტზე მომრავლებული უცხოელები:
"არ მაღიზიანებს არც ერთი ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანი. სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და ყველას აქვს უფლება, ნებისმიერ ქვეყანაში იცხოვროს".
კოტე ჩაჩანიძეც აღმაშენებლის პროსპექტზე ცხოვრობს. შუახნის მამაკაცი მცირე კომენტარით შემოიფარგლა: "უფლება ყველას აქვს, სადაც უნდა, იქ იცხოვროს, მაგრამ არ მინდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობას იღებდნენ ადამიანები, რომლებიც ისტორიულად ყოველთვის ჩვენი მტრები იყვნენ".
ლალი მგალობლიშვილის თქმით, მის ეზოში არსებულ ჰოსტელებში ყოველ ღამით უცხოელ მამაკაცებს ქართველი გოგონები მიჰყავთ და ოთახებიდან გამოსული ხმაური მეზობლებს დაძინების საშუალებას არ აძლევს.
ლალი მგალობლიშვილი:
"ტეტელაშვილის ქუჩაზე რამდენიმე ჩილიმ ბარია, ჩემს ეზოში სამი ჰოსტელია, რომელთა ფასი 30 ლარიდან იწყება. ყოველ საღამოს
არაბ მამაკაცებს ქართველი გოგონები მოჰყავთ და იქიდან გამოსული ხმები უკვე გაუსაძლისს ხდის აქ ცხოვრებას. შარშან არაბეთის მოქალაქეებმა უმოწყალოდ სცემეს ჩვენს უბნელ ბიჭებს, ერთს კბილები აღარ შერჩა, მეორე დასივებული თვალებით დადიოდა… ჩვენს ეზოში ცხოვრობს ხუთი ჩინელი გოგონა. შარშან ჩვენს უბნელ ბიჭებს ჯოხებით სცემეს. მიზეზი არ გაინტერესებთ? ქუჩის წინ იდგა რამდენიმე ქართველი ნასვამი მამაკაცი, მოულოდნელად გამოცვივდნენ ჩინელი გოგონები და ჯოხებით ცემა დაუწყეს, მუშაობაში ხელს გვიშლით,"კლიენტებს" საშუალებას არ აძლევთ, ჩვენთან შემოვიდნენო. მაშინვე მოვიდა პატრული და ბიჭების დაპატიმრება დააპირეს, მაგრამ მეზობლებმა არ დავანებეთ.
აღმაშენებლის პროსპექტზე მცხოვრები ჯემალ ბაგრატიონი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს:
— სამი დღის წინ მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შევნიშნე, რომ ქართველი მამაკაცი არაბ თუ ერაყელ მამაკაცებთან ჩხუბობდა. ისინი ბევრნი იყვნენ, ბიჭი — მარტო. შემეცოდა და მის დასახმარებლად მივედი. გაშველებაში ერთმა ხელი მკრა და ბორდიურს თავი დავარტყი. 12 ნაკერი დამადეს…
12 საათის მერე გამოდით და თქვენი თვალით ნახეთ, აქ რა ხდება.
უცხო ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012-2013 წლებში 8 458 უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. მათ შორის უმრავლესობა რუსი ეროვნების იყო (სულ 6537). საქართველოს მოქალაქეობა მიღებული აქვს თურქეთის — 83, საბერძნეთის — 393, ისრაელის — 315, სომხეთის — 2090 და აშშ-ის 274 მოქალაქეს. ამავე სტატისტიკის თანახმად, 97 ქვეყნიდან საქართველოში 18 384 კაცი ჩამოვიდა და სხვადასხვა სტატუსით ცხოვრობს. მუდმივი მობინადრის სტატუსი მხოლოდ 1 683-მა კაცმა მიიღო.
საქართველოში 2012-2013 წლებში აზერბაიჯანიდან შემოვიდა 295 პირი, მაგრამ საქართველოს მოქალაქის სტატუსი არც ერთ მათგანს არა აქვს, ეგვიპტიდან — 662 პირი, რომელთაგან მოქალაქის სტატუსი მხოლოდ ოთხმა პირმა მიიღო, დანარჩენი კი დროებითი ბინადრობის ნებართვით სარგებლობს; ინდოეთიდან საქართველოს მოქალაქის სტატუსით მხოლოდ ერთი პირი სარგებლობს, დროებითი და მუდმივი ცხოვრების უფლება კი 983 პირს აქვს. ნიგერიიდან მხოლოდ ერთ პირს აქვს მინიჭებული საქართველოს მოქალაქის სტატუსი, 188 კი — დროებითი ბინადრობის უფლება. საქართველოში მცხოვრები 1 223 ირანის მოქალაქიდან საქართველოს მოქალაქის სტატუსით 33 პირი სარგებლობს, თითქმის ყველა ფერეიდნელი ქართველია. 2012-2013 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეობა 109 უკრაინელსა და ყაზახეთის 78 მოქალაქეს მიენიჭა.