24.08.2015 22:34
"ინტერნეტის ტარიფები გაორმაგდება! - სააკაშვილთან დაახლოებული "ზარალა", ძმები ყარამანაშვილები და მაქაცარია ბიზნესს აერთიანებენ"
კავკასუსისა" და "სილქნეტის" გაერთიანებას ბაზარზე ალტერნატივა, ფაქტობრივად, არ ეყოლება"
"სილქნეტმა" და "კავკასუს ონლაინმა" გაერთიანება გადაწყვიტეს. ამ მოთხოვნით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართეს კომპანიებმა, რომლებიც ინტერნეტმომსახურების ბაზრის დაახლოებით 80%-ს ფლობენ. შესაბამისად, კომისიამ 3 თვეში უნდა შეისწავლოს, მათი შერწყმით ბაზრის მონოპოლიზება ხომ არ მოხდება და მერე მიიღოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ბაზრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რას გადაწყვეტს კომისია და როგორ აისახება ორი მსხვილი ფირმის შერწყმა ინტერნეტის ტარიფზე, რომელიც დაბალი დღესაც არ არის. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა მიზეზები, რის გამოც ორმა მომგებიანმა და, ფაქტობრივად, უკონკურენტო კომპანიამ რატომღაც გაერთიანება გადაწყვიტა.
"კავკასუს ონლაინში" განმარტავენ, რომ კორპორაციები მთელ მსოფლიოში ერთიანდებიან და მათაც გადაწყვიტეს, ამგვარი შესაძლებლობა მოსინჯონ. კომპანიაში აცხადებენ, რომ უმჯობესია არსებობდეს ერთი მსხვილი კომპანია დიდი რესურსებით, ვიდრე ორი საშუალო ან მცირე მოთამაშე და ამით მომხმარებელი უკეთეს მომსახურებას მიიღებს. "სილქნეტში" კი ამბობენ, რომ საქართველოს ბაზარი პატარაა, კონკურენცია კი მაღალია, რაც კომპანიების განვითარებას ზღუდავს და იმედოვნებენ, რომ გაერთიანების შემდეგ მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა ექნებათ.
საინტერესოა, რა კონკურენციაზე საუბრობენ კომპანიები, როცა ინტერნეტმომსახურების სფეროში მათ კონკურენციას, ფაქტობრივად, ვერავინ უწევთ. წლევანდელი ივნისის მონაცემებით, "სილქნეტი" ინტერნეტს 232 542 აბონენტს აწვდის, "კავკასუსი" კი 156 458-ს. მათ გარდა, ბაზარზე მცირე სეგმენტები რჩება: "ახალი ქსელები" 43 026 აბონენტით, CGC-ი 25 648 აბონენტით და "ახტელი" 16 414 აბონენტით. ამდენად, შერწყმის მიზეზად კონკურენციის დასახელება ნაკლებად სარწმუნოდ ჟღერს. ინტერნეტმომსახურების გარდა, "სილქნეტი" და "კავკასუსი" მაუწყებლობის ტრანზიტსაც ახორციელებენ და ამ ბაზარზეც არიან ყველაზე მსხვილ მოთამაშეთა ხუთეულში. "კავკასუსისგან" განსხვავებით, "სილქნეტს" ფიქსირებული (სადენიანი) სატელეფონო აბონენტებიც ჰყავს.
სხვათა შორის, "სილქნეტმა" ცოტა ხნის წინ "მაგთიკომისგან" შეიძინა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებები და აპარატურა, რითაც 10 ათას სააბონენტო ნომერს ემსახურება (ინდექსით 244XXXX). შემდეგ "კავკასუს ონლაინმა" და "მაგთიკომმა" მიმართეს კომუნიკაციების კომისიას, რომ "კავკასუსს" სურს, "მაგთის" გადასცეს ინტერნეტის საცალო მომსახურების სერვისი. ჩვენი ინფორმაციით, "მაგთის" იურისტები უკვე სწავლობენ "კავკასუსის" ფინანსურ ვალდებულებას, რომელიც კომპანიას "თიბისი ბანკის" მიმართ აქვს; საუბარია დაახლოებით 100-140 მილიონ დოლარზე. სხვათა შორის, "კავკასუსის" გასხვისების ერთ-ერთ მიზეზად კომპანიის ფინანსური პრობლემები სახელდებოდა, თუმცა ექსპერტებიცა და "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მეპატრონეც სრულიად
განსხვავებულ მიზეზებს ასახელებენ.
ზურაბ კუკულაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ფინანსურ პრობლემებზე კომპანიების საუბარი ვერ იქნება დასაბუთებული, რადგან ბოლო წლებში ინტერნეტ და ტელეკომუნიკაციების ბაზარზე ვითარება მხოლოდ მათ სასარგებლოდ იცვლება. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ბაზრის ორივე ლიდერმა კომპანიამ მომსახურებაზე ფასები გაზარდა — "კავკასუს ონლაინმა"" — 5-7 ლარით, "სილქნეტმა" კი 6-10 ლარით. მიზეზად "კავკასუსმა" საერთაშორისო ბაზარზე არსებული და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ამაში რა იგულისხმებოდა, არ განუმარტავს. თუ კომპანია ლარის კურსის ცვლილებაზე მიანიშნებდა, პროვაიდერები ინტერნეტს, ძირითადად, ევროში ყიდულობენ, ხოლო ლარი ევროს მიმართ ისე არ გაუფასურებულა, როგორც ამერიკული დოლარის მიმართ. მარეგულირებლისთვის კომპანიების მიწოდებული ფინანსური ანგარიშებიდან ჩანს, რომ 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, ხარჯები საგრძნობლად შეუმცირდათ.
"კავკასუს ონლაინს" — 9,42 მილიონი ლარიდან 3,693 მილიონამდე; "სილქნეტს" კი, მართალია, ხარჯი 2,482 მილიონი ლარიდან 4,539 მილიონამდე გაეზარდა, მაგრამ კომპანიამ შესყიდვის მოცულობა თითქმის 300%-ით გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ 1 შესყიდულ ერთეულზე "კავკასუსს" ხარჯი დაახლოებით 260%-ით შეუმცირდა, ხოლო "სილქნეტს" — 110-120%-ით. შარშან კი "სილქნეტის" შემოსავალმა 61,66 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო "კავკასუს ონლაინისა" — 56,5 მილიონი და ამ ფონზე კომპანიებმა როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისთვის საცალო ფასები გაზარდეს. რა ფინანსურ პრობლემებზე შეიძლება იყოს საუბარი, გაუგებარია.
საერთო საფასო პოლიტიკას ეს კომპანიები გაერთიანების გარეშეც წარმართავდნენ. მათი სატარიფო პოლიტიკა არანაირ საბაზრო ლოგიკაში არ ჯდება — ვინაიდან ინტერნეტზე საერთაშორისო ფასები შემცირებულია, ჯანსაღი კონკურენციის შემთხვევაში, ფასები საცალო ქსელშიც უნდა შემცირებულიყო. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან საკმაოდ მაღალია ინტერნეტმომსახურების ტარიფი. 100 მბ/წმ-ზე "სილქნეტისა" და "კავკასუსის" ტარიფი 100 ლარია. იგივე მოცულობა უკრაინაში დაახლოებით 15 ლარის ეკვივალენტი ღირს, ლიტვაში — 24 ლარის, ლიტვიაში — 35 ლარის, ხოლო ყაზახეთში დაახლოებით 60 ლარის ეკვივალენტი. გაერთიანებასთან დაკავშირებით კომპანიები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვაა. ვფიქრობ, ცვლილებები დამოკიდებული იქნება მათი რეალური მფლობელების პირად გადაწყვეტილებებზე. ეს კი, თავის მხრივ, მათ პოლიტიკურ ბექგრაუნდთან არის დაკავშირებული. ბევრი კითხვა არსებობს: ვინ არიან ეს პირები, რა ძალები დგანან მათ უკან, როგორ ახერხებენ თუნდაც საერთო-საფასო პოლიტიკაზე შეთანხმებას? არავისთვის არ არის უცხო, რომ ეს ბიზნესჯგუფები ყოფილი ხელისუფლების მმართველობისას ჩამოყალიბდა და მათ ხელში ამხელა მატერიალური აქტივების გადასვლა დიდწილად განაპირობა სიახლოვემ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან. არავისთვის არის უცნობი, რომ "სილქნეტის" მფლობელია "ნაციონალური მოძრაობის" ფავორიტი ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე""ზარალა", ხოლო "კავკასუს ონლაინს" ასევე ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი მაქაცარია აკონტროლებს. ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, ბუნებრივია, ამ ბიზნესჯგუფების პოზიციებსაც შეექმნა პრობლემები, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძეც სასამართლოში იბრძვის კომპანიის დასაბრუნებლად. ამ ფონზე მრავალმილიონიანი აქტივების მქონე კომპანიების მფლობელების შეცვლა, ვფიქრობ, დაკავშირებულია მათ მცდელობასთან, საქმეში შეიყვანონ "კეთილსინდისიერი" მყიდველი, რომელთანაც სამართლებრივი დავა გაცილებით რთული იქნება."
მამია სანადირაძე, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მეპატრონე: — თქვენ გახსოვთ სააკაშვილის დარგების მონოპოლიზების სტრატეგია, იქნებოდა ეს ინტერნეტი თუ შაქრის იმპორტი. ბაზარზე რჩებოდა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული კომპანია, დანარჩენებს მერაბიშვილი და ადეიშვილი სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის საგადასახადო შემოწმებით თუ ციხეში ჩასმით იშორებდნენ ბაზრიდან. სექტორის მონოპოლიზების შემდეგ კი ფასები სამმაგდებოდა და საბოლოოდ იძარცვებოდა მომხმარებელი. სამწუხაროდ, ვითარება არც მოქმედი მთავრობის მოსვლის შემდეგ შეცვლილა. წართმეული ქონების რეალური მფლობელებისთვის დაბრუნების ნაცვლად, სააკაშვილის გამოზრდილ ბიზნესმენებს წილში ჩაუსხდნენ და ერთად განაგრძეს საქართველოს მოსახლეობის ძარცვა მონოპოლიური ფასებით. ასე მოხდა "კავკასუს ონლაინის" შემთხვევაშიც. 3 წლის წინ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პროკურატურაში ჩემი ქონების გამოძალვასთან დაკავშირებით. საქმეს თან ერთვის ვიდეო და დოკუმენტური მტკიცებულებები, მაგრამ მოქმედმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, შეაჩერა გამოძიება. ამიტომაც "კავკასუსის" ახლანდელმა მფლობელებმა მიიჩნიეს, რომ ხელისუფლებამ მათ დაუკანონა ნაძარცვი ქონება და დანაშაულებრივი კვალის წაშლა გადაწყვიტეს. მოგეხსენებათ, "სილქნეტის" მეპატრონე მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი "ზარალა", იგივე გიორგი რამიშვილია. "კავკასუსსაც" სააკაშვილთან დაკავშირებული ძმები ყარამანიშვილები და ხვიჩა მაქაცარია უდგანან სათავეში. ამ ორმა კომპანიამ ახლა გაერთიანება გადაწყვიტა და ამაში მოულოდნელი არაფერია. დიდი კონკურენცია მათ შორის არც მანამდე არსებობდა, ფაქტობრივად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
კომპანიიდან ჩემი გამოგდების შემდეგ "სილქნეტმა" და "კავკასუსმა" ბაზარი გაიყვეს: "სილქნეტი" არ შედიოდა მრავალბინიან კორპუსებში, ხოლო "კავკასუსი" კერძო სახლებს არ ემსახურებოდა. ახლა უკვე ერთიანდებიან, რადგან სამომავლოდ შესაძლოა ინტერნეტბაზარზე მობილური კომპანიებიც შევიდნენ. "კავკასუსისა" და "სილქნეტის" გაერთიანება აუცილებლად გამოიწვევს ტარიფების გაორმაგებას, რადგან ბაზარზე ალტერნატივა, ფაქტობრივად, არ ეყოლებათ. არადა, მე შავ ზღვაში კაბელი ჩავდე, რითაც საქართველო ჩართულია ევროპის ინფრასტრუქტურაში. შესაბამისად, ინტერნეტს თბილისში აიღებ თუ ფრანკფურტში, ლონდონსა თუ პარიზში, ფასი ერთი უნდა იყოს.
— ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა მფლობელის მიუხედავად, ამ ორ კომპანიას რეალურად "ზარალა" მართავდა.
— "ზარალას" კი მიხეილ სააკაშვილი მართავდა… ამ ორ კომპანიაში გაფორმებული არიან და ხელფასს იღებენ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, კომპანიების დაცვის სამსახურში სააკაშვილის ზონდერები მუშაობენ.
— თქვენთვის რამდენად მოულოდნელი ან მოსალოდნელი იყო "მაგთის" დაინტერესება ინტერნეტმომსახურებით?
— "მაგთი" ხედავს, რომ ყველა გზა ინტერნეტთან მიდის და თუ მობილურ კომპანიას ინტერნეტით მომსახურების სერვისი არ ექნება, განვითარება ძალიან გაუჭირდება. ახლა ის დროა, როცა უნდა იმოქმედოს და იბრძოლოს, სანამ მონოპოლია ჩამოყალიბებულა, რადგან როცა ეს მოხდება, შემდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად, წაგებული იქნება.
— გასაგებია, მაგრამ რამდენად სწორია, რომ ახლა "მაგთი" სადავო კომპანიისგან ბიზნესის ნაწილს ყიდულობს?
— გია ჯოხთაბერიძეს ჩემთვის ნათქვამი აქვს, რომ სადავო კომპანიას ჩემთან შეთანხმების გარეშე არ იყიდის.
— ჩემი ინფორმაციით, "მაგთი" "კავკასუსის" ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს...
— კი, ვიცი, რომ "მაგთი" ჩაერთო ამ პროცესში. აქამდე არ ერეოდა, რადგან იცოდა, რომ ეს ნაძარცვი ქონება იყო, მაგრამ ახლა, როცა უკვე შესაძლოა ეს ორი კომპანია გაერთიანდეს, "მაგთიც" ჩაერთო ამ პროცესში, რადგან თუ შერწყმა მოხდება, მოპარული ქონების წარმომავლობას ვეღარ მიაკვლევ. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მოკვლევისთვის 3-თვიანი ვადა აიღო, ამ დროში მეც ჩამოვალ საქართველოში და ჩემი ადვოკატებიც ცდილობენ გარკვევას პროკურატურაში, რატომ არის გაჩერებული ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. მე "კავკასუსისთვის" ბრძოლა არ შემიწყვეტია, ლონდონშიც მიმდინარეობს სასამართლო ამ საქმეზე.